OMG

ძველი ქართული ფილმები, რომლებიც უნდა ნახო

30 აპრილი 2022

პირველი ქართული ფილმი, რომელიც ბავშვობაში დიდ მუცლიანი მსუქანი ტელევიზორის ეკრანზე ვიხილე “მონანიება” იყო. მართალია ვერაფერი გავიგე, მაგრამ ემოცია, რომელიც ბავშვური ლაღი გონების მიუხედავად ღრმად ჩამებეჭდა დღემდე მოიძებნება ჩემს მეხსიერებაში. მოკლედ რომ ვთქვა ქართული კინოს სიყვარული ბავშობიდან დაიბადა ჩემში და არც ახლა განელებულა.

ქართული კინო ისტორიის საწყისად  1908 წელს მიიჩნევენ, როცა ვასილ ამაშუკელმა და ალექსანდრე დიღმელოვმა პირველი დოკუმენტური ფილმები გადაიღეს. ქართული კინო 800 მეტ სრულმეტრაჟიან მხატვრულ  ფილმს ითვლის. ეს არის ფილმები, რომლებმაც გაუძლეს დროსა და ლენინის მიერ ხელმოწერილ ცენზურას.


 

ძველი ქართული ფილმები, რომლებიც უნდა ნახო სანამ ცოცხალი ხარ


მონანიება

 

თენგიზ აბულაძის ტრილოგიის მესამე ფილმი “მონანიება” ტოტალიტარული სისტემის ალეგორიაა, რომელიც ემოციური სიმძაფრით აღწერს სტალინიზმის სისასტიკეს, საბჭოთა სისტემის ბრძოლას თავისუფლების, კულტურისა და ყველაზე ღირებულის, ადამიანის აზროვნებისა და სიცოცხლის  წინააღმდეგ.

ფილმის პერსონაჟების ისტორიები ჰორიზონტზე გვიშლის იმ რეალობას, რომელიც ჩვენი წარსულია. რუსეთის მიერ რეპრესირებული და გათელილი ადამიანების ისტორიებით სავსე წარსული, სადაც ბავშვები წვიმაში დარბიან და ხის მორებზე ეძებენ მამის სახელებს.


 

ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი

თუ ფილმი არ გაქვს ნანახი “არა, მაგრამ უარს არ გეტყვით” მაინც გექნება სადმე გაგებული ამ ფეისბუქ მიმში გამოკითხული.

ფილმში მოქმედება თბილისის ერთ-ერთ რედაქციაში ხდება, სადაც ყოველთვის  “მოუცლელი” თანამშრომლები ვერასოდეს დაადგამენ საშველს წაიკითხონ მოტივირებული მწერალი სოსოს მოთხრობა. განხილვის მოლოდინში გადის თვეები, ერთადერთი ადამიანი, რომელიც სოსოს მოთხრობის წაკითხვას არ დაიზარებს მღებავია

ელდარ შენგელაიას ცისფერი მთები სატირულად აღწერს საბჭოეთის ბიუროკრატიას. იმ უუნარო და არაეფექტურ სისტემას, რომელიც საბოლოოდ ნანგრევებად იქცა.


ფიროსმანი
 

გიორგი შენგელაიას ფილმი “ფიროსმანი” ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ცხოვრებასა აღწერს და მომნუსხველი კინემატოგრაფიის მიღმა ქართული საზოგადოების სხვადასხვა ასპექტსა და მხატვრის ცხოვრების დრამატულობას ინახავს.
მიუხედავად ბევრი ლხინისა და ქეიფის სცენებისა ფილმს სევდისა და მელანქოლიის განცდა დაჰყვება, რომელიც მკაფიოდ შეგვაგრძნობინებს მხატვრის მარტოსულ ცხოვრებას.

მხატვარი, რომელის შემოქმედებაც დაახლოებით 10 000 $-დან 2 838 632 $-მდე ღირს, კიბის ქვეშ სარდაფში, შიმშილით გარდაიცვალა.

 


ჯარისკაცის მამა

გიორგი ჩხეიძის შავ-თეთრი ფილმი ნამდვილი ამბავს მოგვითხრობს. კახელი გლეხი კაცი  გიორგი მახარაშვილი  დაჭრილი შვილის სანახავად მეორე მსოფლიო ომის ფრონტზე მიემგზავრება. მიუხედავად იმისა, რომ შვილი საავადმყოფოდან გაწერილი დახვდება, მისი ნახვის იმედით ომში რჩება და ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდება.
 

ფილმს შემოწმება მოსკოვში უნდა გაევლო. მაშინდელმა კულტურის “ჯარისკაცის მამა” დაიწუნა, თქვენი გმირი საბჭოთა ოფიცერს ხელს ურტყამს, რაც წითელი არმიის წესდების დარღვევააო. თუმცა, ეს იყო ერთადერთი უარყოფითი შეფასება, რომელიც ფილმმა დაიმსახურა, ამიტომ პრემიერა მაინც შედგა.


შერეკილები

ელდარ შენგელაიას ფანტასტიკური კომედია ერთაოზისა და ქრისტეფორეს დამეგობრებისა და გაფრენის ამბავს გვიყვება. ცხოვრებაში დაკარგული ერთაოზი, ქრისტეფორეს დახმარებით ციხეში იმ თავისუფლებასა და ცხოვრების მიზანს პოულობს, რომლისთვისაც ყველაფრის გაკეთება ღირს.

ციხეში დაძმაკაცებული ერთაოზი და ქრისტეფორე ტიტანური იდეის წინაშე ერთიანდებიან, ციხიდან გაპარვას, ცათმფრენის აგებასა და გაფრენას გადაწყვეტენ.
ეს ფილმი ერთ კარგ რამეს გვასწავლის - სულ რომ ცაში გაფრენა მოგვინდეს, მიზნებისკენ მიმავალ გზაზე არასოდეს არ უნდა გავჩერდეთ ;)


 

 

მე ბებია ილიკო და ილარიონი

 

გოჩა კაპანაძის ფილმი “ მე ბებია ილიკო და ილარიონი” ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული.

გურული ობოლი ზურიკელა ოლღა ბებიასთან ერთად ცხოვრობს. ოლღას ზურიკელას აღზრდაში. მათი განუყრელი მეგობრები ილიკო და ილარიონი ეხმარებიან. 

 

მოქმედება სამამულო ომის დროს ვითარდება. მიუხედავად ომისა და გაჭირვებისა, მათი ყოველდღიურობა  გურული იუმორითაა სავსე, თუმცა იუმორის მიღმა სადღაც სევდაც იმალება.



ნატვრის ხე

 

ნატვრის ხე თენგის აბულაძის ტრილოგიის მეორე ფილმია, რომელიც ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვითაა გადაღებული. 

 

ფილმის პირველივე სცენა, სადაც გედიას  თავისი თეთრა ყაყაჩოს მინდორში უკვდება,  გასაოცარი სილამაზით გჭრის თვალს. მოქმედება ქართულ სოფელში ვითარდება, სადაც სოფელის მკვიდრებს თავიანთი ცრურწმენები და კანონები გააჩნიათ. მისწრაფებებით კი რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. თუმცა ის, რაც მათ აერთიანებთ ცხოვრების ამაოება და აუხდენელი სურვილებია.