OMG

ვისია ოსკარი? ან თუ სჭირდება ვინმეს საერთოდ?

10 მარტი 2023

ოსკარის ცერემონია უკვე დიდი ხანია ფილმებზე მომუშავე რეჟისორების, კომპოზიტორების, სცენარისტების თუ სხვა ადამიანების შეფასებასა და დაფასებას აღარ ემსახურება. თუ აქამდე ეს ყოველივე შოუს ელემენტებით იყო გაჯერებული ახლა მხოლოდ შოუს ვუყურებთ და ვერ ვგრძნობთ, რომ ნამდვილი კინო ფასდება. ფილმის შინაარსი და სიდიადე იკარგება იმის შეფასებაში, თუ ვინ უფრო უკეთ წარმოთქვა პოლიტიკური სიტყვა სცენაზე. მიუხედავად ამისა, ოსკარი მაინც ახერხებს, შეინარჩუნოს სტატუსი, რომლის მოპოვებაც ამა თუ იმ ნამუშევარს წლის მთავარ ფილმად აქცევს.

სანამ დასახელებულ ფილმებს რამდენიმე წინადადებით შევეხებით, მინდა, შეგახსენოთ ბოლო პერიოდის რამდენიმე გამარჯვებული ფილმი, რომელიც, ვფიქრობ, ნამდვილად იმსახურებდა წლის მთავარი ფილმის სტატუსს - „Parasite“, „Green Book“, „The Shape of Water“, „Birdman or (The Unexpected Virtue of Ignorance)“. ეს რამდენიმე ფილმი იმიტომ გამოვარჩიე, რომ, ვფიქრობ, შეესაბამება იმ იდეას, რის გამოც ფილმს ყველაზე გამორჩეულის ჯილდო ენიჭება. ის, რაც ჩვენს გარშემო ყოველდღიურად ხდება გამოხატო მაქსიმალურად დაცული სიზუსტით, თანაც ისე, თითქოს, რაღაც ახალს უყურებ, რთული და განსხვავებულია. ეს ბალანსი არის ის, რაც კონკრეტულ ფილმს სხვა ფილმებისგან გამოარჩევს. რაც შეეხება წლევანდელ ოსკარს, ყველა ფილმს არ დავასახელებ, გამოვარჩევ იმათ, რომლებიც, ვფიქრობ, ერთმანეთს დიდ კონკურენციას გაუწევენ. 

ერთ-ერთი ფილმი, რომელიც მთავარის სტატუსის მისაღებად, ვფიქრობ, სამართლიანად იბრძოლებს არის მარტინ მაკდონაჰის"The Banshees of Inisherin". სიუჟეტი 1923 წლის ირლანდიაში, სამოქალაქო ომის პერიოდში მიმდინარეობს ერთ-ერთ გამოგონილ, უცნაურად მარტოსულ კუნძულზე. ფილმში იმდენად იგრძნობა მარტოობა, რომ, თითქოს, როცა მაცხოვრებლები გადაადგილდებიან თავიანთი ჩრდილიც კი არ დაყვებათ ცივ და გაყინულ, ტალახით გაჟღენთილ გზებზე. ესაა ეგზისტენციალური სცენარით მოსაუბრე ფილმი სიმარტოვის, სიამაყის, მეგობრობის, ღალატის, ნდობისა და უარყოფის შესახებ. ქვეყანაში არსებული ომის ფონზე რეჟისორი თითქოს გვაჩვენებს, როგორია ომი აქაც, პატარა კუნძულზე - საკუთარ თავთან.

შემდეგი ფილმია „Tár“, რომელიც, რთულია, ქეით ბლანშეტის საოცარი შესრულების ფონზე მალე დაგავიწყდეს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ გვინახავს ფილმებში სცენარი, სადაც, მწვერვალზე მყოფ გმირებს მიწაზე დაცემა, განადგურება უწევთ, ეს ფილმი ამ ყოველივეს განსხვავებულად გვთავაზობს. აქ არ ვხედავთ საზოგადოების თვალით დანახულ პიროვნებას, რომლის ცხოვრებაც ნელ-ნელა ნადგურდება. ფილმი გვაძლევს საშუალებას, მთავარი გმირის თვალით დავინახოთ საზოგადოება, რომელიც ამავე გმირის შინაგანი სამყაროს ნგრევის იდენტურად იშლება და ნადგურდება მის გარშემო. ის ცნობილი დირიჟორია, მისი თვალები მუდამ ლოდინისა და ინტერესის გამომხატველ გამომეტყველებას ამჩნევდნენ გადაჭედილ დარბაზში. ახლა კი მისი დარბაზი, როგორც ნაჭუჭი, რომელშიც ის ცხოვრობს ცარიელი და ცივია.

მთავარი ფილმის სტატუსს ელის ასევე „Avatar: The Way of Water“. რთულია, გაიმეორო ემოცია, რომელიც ავატარის პირველი ნაწილის შემდგომ გეუფლება. ლოგიკურია, რომ ამის გამეორება ვერც მოხერხდა, თუმცა, ვფიქრობ, ჯეიმს კამერონმა იმდენად შეგვაყვარა წარმოსახვითი სამყარო, რომელიც ჩვენ, მაყურებელს შეგვიძლია ჩვენებურ იდეალურ სამყაროდ ვაქციოთ, მაინც დიდი ინტერესით და გაკვირვებით ვუყურებთ მას. კამერონს უნდა დაგვანახოს, რომ ადამიანებს ტრანსფორმაცია სჭირდებათ იმისთვის, რომ ნაკლები ბოროტი საქმე აკეთონ. სხვა სხეულში, სხვა სახლში ჩასახლებული ადამიანის თვალიდან დანახული ადამიანის ბოროტი ქმედება უფრო მარტივი შესამჩნევია. ესაა ერთგვარი მეტაფორა იმისა, რომ თუ გადაწყვეტ, შეგიძლია გახდე ბევრად უკეთესი.

სიაში ასევე ვხვდებით ყველასგან განსხვავებულ სიურრეალისტურ ფილმს „Everything Everywhere All at Once“. ფილმი ყველაფერზე და არაფერზე. ფილმის მსვლელობისას ვიაზრებთ, რომ ყველა ნივთი, ყველა მომენტი და ყველა ქმედება თანაბრად მნიშვნელოვანია. ყველაფერი იმდენად აბსურდულია, რომ თავად ის აბსურდული აზრიც, რომ ეს ფილმი გენიალურია, სინამდვილედ მოგეჩვენებათ.

ნომინაცია ვერ დაიმსახურა კორეულმა ფილმმა „Decision to Leave“, რომელიც, ვფიქრობ, მხოლოდ ამ წლის კი არა, ბოლო რამდენიმე წლის ყველაზე კარგი და საინტერესო ფილმია. კორეელები ისედაც ძალიან წინ არიან ამ სფეროში და საოცრებებს აკეთებენ, მაგრამ, ეს ფილმი ისეთი გამოუვიდათ, დროს რომ გაუძლებს. რაღაც საერთოდ ახალი მიმდინარეობა დაიწყეს. ვერ ახსნი, ვერ დაწერ, ვერ იტყვი საბოლოოდ რაზეა, თითქოს, ნახატივითაა, რომელსაც აკვირდები და უბრალოდ გრძნობ, რომ რაღაც საინტერესოს უყურებ. ფილმში ვხედავთ გამოძიებას, რომელიც ძალიან ჰგავს საკუთარი თავის ძიებას. ვერავინ ხვდება რა მოხდება, არავინაა მართალი და არც არავინ ცდება. არ ვიცი, რა ენაზე საუბრობ, მაგრამ, მაინც მესმის შენი. არ ვიცი, რა ისტორიას ინახავ, მაგრამ, მაინც გენდობი. ზღვა მიყვარს, მაგრამ, მთაზე მოგყვები და თუ მოისურვებ, ამ მწვერვალიდანაც შევძლებთ დაბრუნებას. ფილმის მსვლელობა, კამერა, მუსიკა, ფერები, დიალოგები - ყველაფერი გაგახსენებთ, რომ კარგი კინო ისევ იქმნება. გულდასაწყვეტია, რომ საუკეთესო სურათის ნომინაციაში კი არა, უცხოური ფილმების კატეგორიაშიც კი არ დაასახელეს.

რაც შეეხება საუკეთესო ანიმაციას, ვფიქრობ, უკონკურენტოა “Guillermo del Toro's Pinocchio”, სადაც რეჟისორი განსაკუთრებული სიფრთხილით აღწერს უკვე გადაღეჭილ ისტორიას პინოქიოს შესახებ. იმასაც კი ახერხებს, რომ ხისგან გამოთლილ სათამაშოში სიკეთე და სიყვარული დავინახოთ და, მეტიც, ემოციური კავშირი გაჩნდეს. იმის მიუხედავად, რომ, თითქოს, მთელი ფილმის სიუჟეტი პინოქიოს ირგვლივაა, ტორო მთელ აქცენტს ჯეპეტოზე აკეთებს. გმირზე, როგორც შემოქმედზე, რომელმაც ხის სათამაშოში სული გააჩინა:

- "მამა, ეს ქრისტეს ხატი ხომ შენ შექმენი“?

- "კი, პინოქიო".

- „მაშინ, ისიც თუ ხისაა და მეც, მას ამდენი ადამიანი რატომ ეთაყვანება და მე არავის ვუყვარვარ?"

კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფილმია სხვადასხვა კატეგორიაში, თუმცა, ვფიქრობ, ზემოთაღნიშნული ნამუშევრები წელს გამორჩეულია. რაც შეეხება ჩემს პირად შეხედულებას, მგონია, რომ მთავარი ფილმის სტატუსს "The Banshees of Inisherin"მიიღებს სრულიად დამსახურებულად.