ვინ რა შემოხაზა?

29 ოქტომბერი 2021

დილაადრიან ვიყავი არჩევნებზე. მეტსაც გეტყვით და ზუსტად ვიცი, რომ ნათელი მომავალი და ქვეყნის სწორი განვითარება შემოვხაზე. ასეთი არჩევანი რომ გამაკეთებინა ის კალამიც შემდგომ სახლში გამოვიყოლე - აი, ბევრი არჩევნების ჩატარებას თუ არ აქვს დადებითი მხარე…  

ამგვარად გასრულდა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ისეთი მარავლფეროვანი, საინტერესო და ქაოსური იყო არჩევნების ორივე ტური, გამიკვირდებოდა და იმედიც გამიცრუვდებოდა რომელიმე პოლიტიკოსს ჩემსავით მხოლოდ ქვეყნის ნათელი მომავლისთვის მიეცა ხმა და საკუთარ საქმეს დაბრუნებოდა. ბიძინა ივანიშვილის დუმილით გამოწვეული სიცარიელის შევსება კი პოლიტიკოსებს არ გასჭირვებიათ, ზოგიერთმა პირდაპირ დაგვისახელა რჩეული, ზოგიც უნიჭოდ ეცადა ცხადად არ ეთქვა, ვის მისცა ხმა. გაინტერესებს, ვინ როგორ გვამცნო თავისი პოლიტიკური რჩეულის ვინაობა? მაშინ კითხვა უნდა განაგრძო.

 

ხმა მივეცი ჩემ თავს 

 

ასეც ვიფიქრეთ, ბატონო კახა! ფეხბურთელს, ბიზნესმენს, ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს, თბილისის მერსა და უბრალოდ ცუდი ხუმრობების ავტორს, ვისთვის უნდა მიეცა ხმა, თუ არა საკუთარი თავისთვის? 

მე რომ პოლიტიკოსი ვიყო, თავადაც ასე მოვიქცეოდი და კახა კალაძეს საქციელსაც ვერ დავუწუნებ, მაგრამ საკუთარი არჩევანის (თანაც ასეთის) ხმამაღლა და თავმომწონედ გამოცხადება, ცოტა ნარცისიზმისა და დიდი ეგოიზმის უტყუარი საბუთია. პოლიტიკოსს კი ეგოიზმი პიჯაკზე ნაკლებად უხდება...

 

შემოვხაზე არავინ 

 

საარჩევნო უბანზე ქოცყოფილი გიორგი გახარიაც ადრიანად გამოცხადდა. ნაცები არ მომწონდნენ, ქოცებთანაც სასტიკი იდეოლოგიური ჭიდილი მქონდა და აი, ასე მეამბოხესავით, ხმაც არავისთვის მიმიციაო. თანაც, ცუდსა და ცუდს შორის, რა არჩევანი უნდა გამეკეთებინაო, თქვა გახარიამ. არადა, სულ რამდენიმე თვის წინ “ქართული ოცნების” ნებისმიერი წევრისათვის რომ გეკითხათ, გიორგი გახარიაზე უკეთეს კრიზისმეჯენერს ვერსად ნახავდით, ახლა კი ასეთ მარტივ მოცემულობასაც ვერ გაართვა თავი… 

 

არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივი იყო

 

ირაკლი კობახიძემ ისეთი ეპითეტებით შეამკო კახა კალაძე, შოთა რუსთაველი განცვიფრებული შეჰყურებდა. როგორც კობახიძემ თქვა, არჩევანი ძალიან მარტივი იყო, მან კი შემოხაზა კანდიდატი, რომელიც ოთხი წელი ქალაქის განვითარებაზე ზრუნავდა და მომდევნო ოთხი წლისთვისაც ძალიან კონკრეტული გეგმა აქვს. კობახიძის განცხადება, ერთი შეხედვით, გამოცანას ჰგავს, რომლის პასუხიც “კახა კალაძეა”. 

 

ხმა მივეცი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას 

 

“მშვიდობა, დამშვიდება, სიწყნარე, სიმშვიდე, სტაბილურობა, განვითარება და კეთილდღეობა” - საარჩევნო უბნის დატოვების შემდგომ, ქვეყნის საჭიროებათა ვრცელი სია წარმოადგინა პრემიერმინისტრმა. ჯერ მომწამვლავი აირიო, არა, ბოდიშით - ცრემლსადები გაზიო. მერე თვითმკვლელობის უფლება, არა, არაა - შიმშილის უფლებაო… სამაგიროდ, დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ხმა მისცა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას და საარჩევნო უბანიც წელში გამართულმა დატოვა. 

ასეთი დიდი მხატვრულობით, ენაწყლიანობითა და მაღალფარდოვნებით გამოირჩეოდნენ ქართველი პოლიტიკოსები თავიანთი არჩევანის სისწორეში  რომ დავერწმუნებინეთ. მართალია, არჩევნებმა ჩაიარა, მაგრამ ერთი-ორი ვიცი, ვინც არც მომავალ არჩევნებამდე მოგვანატრებს მსგავსად ნაკლებად ჭკვიანურ განცხადებებს. 

და შენ რა შემოხაზე?