
არ იქნება გადაჭარბებული ნათქვამი, აღვნიშნოთ, რომ HBO არასოდეს უცრუებს მაყურებლებს იმედს და ყოველთვის სთავაზობს ნამუშევარს, რომელზე ფიქრიც დიდხანს გაჰყვებათ. ამჯერად, HBO-მ ჩაიბარა ურთულესი დავალება, ბევრისთვის ძალიან საყვარელი თამაში “The Last of Us“ გადმოეტანა ეკრანზე თავისებური ხედვით. ზოგადად, ბევრი შემთხვევა გვაქვს, როცა პოპულარული თამაშების ეკრანიზაცია ვიხილეთ. აქედან ზოგმა გაამართლა, ზოგმა - არა, ზოგი ძალიან ცუდი აღმოჩნდა, ზოგიც ძალიან კარგი. თუმცა, ეკრანზე ცნობილი მსახიობებით გაცოცხლებულმა “The Last of Us“-მა გულშემატკივრებში (და არამარტო) განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია. სანამ უშუალოდ ეკრანიზაციაზე დავიწყებდეთ საუბარს, აღვნიშნოთ, რომ „The Last of Us“ 2013 წელს შექმნილი ვიდეოთამაშია, რომელიც პოსტაპოკალიფსურ სამყაროზე გვიყვება. ამ სამყაროში საზოგადოების გადანაცვლების მიზეზი კი ვირუსია, რომელიც ადამიანებს გარდაქმნის, ასე ვთქვათ, ხელახლა აპროგრამებს და აიძულებს მათ, რომ სხვა ადამიანებიც დაიმსგავსონ. აღსანიშნავია, რომ არამხოლოდ კონკრეტულად „The Last of Us“, არამედ, ზოგადად, ვიდეოთამაშის სამყაროა საინტერესო. როცა სამყარო მესამე ადამიანის, ანუ შენი, როგორც მოთამაშის პერსპექტივიდან აღიქმება და ამ სამყაროს არამარტო დამკვირვებელი, არამედ, მასში განვითარებული მოვლენების მონაწილე და ინიციატორიც ხარ. მიუხედავად იმისა, რომ წესებს ემორჩილები, თავად ხარ შემოქმედი და თანამონაწილე ამ ყველაფრის.
მაყურებელმა უკვე იხილა სერიალის 5 ეპიზოდი. HBO თავისი ხედვით გვთავაზობს არა მორიგ შოუს ზომბებისა და სამყაროს აღსასრულის შესახებ, არამედ, ეგზისტენციალურ სურათს, სადაც ის შეგრძნება, რომ უკვე მხოლოდ ეკრანთან ხარ და შენ აღარ ხარ მონაწილე - გამქრალია. ეს სერიალი ახერხებს და გაფიქრებინებს, რომ ის, რაც ამ პოსტაპოკალიფსურ სამყაროში ხდება რეალობაა. ამ სამყაროს უფერულს და უსიცოცხლოს ის შიშები ხდის, რომელიც ნებისმიერ ჩვენგანში არსებობს. იმისთვის, რომ გადარჩე, მუდამ ფხიზლად უნდა იყო, მუდამ წინ უნდა იარო, შიშსა და ბოროტებას არ უნდა შეეხო და თვალებში არ ჩახედო. ეს ყოველივე კარგ ადამიანად ყოფნის, სწორ გარემოში ცხოვრების მეტაფორაა. “The Last of Us” გვაცნობს ადამიანებს, გვიჩვენებს მათ ღირებულებებს, სააშკარაოზე გამოაქვს როგორც მათი შიშები, ასევე, თავგანწირვისა და თავდადებისთვის გამზადებული გულები.
პედრო პასკალის მიერ შესრულებულმა ჯოელის გმირმა ძალიან სწორად და ემოციურად გადმოსცა ის დიდი ტანჯვის გზა, რომელიც მან გაიარა. ყველა სერიაში კარგად ჩანს, თუ როგორ იბრძვის ის ყოველი მეორე დღისთვის. თითქოს, როგორც თამაშის, ასევე, სერიალის ამ გმირს საკუთარ თავთან, საკუთარ ცხოვრებასთან ვაკავშირებთ. პოსტაპოკალიფსურ გარემოში მიმალული მონსტრები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული შიშები და დაბრკოლებებია, რომელსაც ჩვენც ყოველდღე ვებრძვით. ზუსტად ამიტომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე გმირებს, რომლებიც ჩვენთვის მიუღებელ, საშიშ მტრებს ამარცხებენ და იმ ბნელ არეალს, რომელშიც მათ თვითგადარჩენა უწევთ, საბოლოოდ, ნათელ და სიკეთით სავსე ადგილად აქცევენ ჩვენი თანდასწრებით. ელი ერთგვარი ლამპარი, ნათელი სხივია შუაგულ სიბნელეში. ის გმირია, რომელიც სიბნელის შეხების მიუხედავად გადარჩა (როგორც ჰარი პოტერი გადარჩა იმისთვის, რომ შემდგომ ბოროტება დაემარცხებინა). მასში ნაიარევად არსებობს ერთგვარი შხამი, რომელმაც მთელი სამყარო მოწამლა. ის იმედია, რომელიც ზომბებად ქცეულ ქალაქს აძლევს გადარჩენის შანსს. ელის გმირი მეტაფორადაც შეიძლება აღვიქვათ იმისა, რომ ადამიანს თავისი ტკივილი, თავისი ნაკლი, ცხოვრების განმავლობაში მიღებული ბზარები ამთლიანებენ და როგორც იაპონური ფილოსოფია Wabi-Sabi გვამცნობს, სრულყოფილება ცხოვრების იარების, ნაკლოვანებების მიმღებლობას ნიშნავს.
ეპიზოდების შთამბეჭდავ სცენებს რომ მივყვეთ, პირველ ეპიზოდში ზოგადი ისტორია გაგვახსენეს და ვნახეთ, თუ რამდენად დიდი ტკივილისა და სასოწარკვეთის ფონზე მოუწია ჯოელს თვითგადარჩენისთვის ბრძოლა. მეორე ეპიზოდმა თავგანწირვის მაგალითი გვიჩვენა და გაგვახსენა, რომ მიუხედავად პოსტაპოკალიფსური, მომაკვდინებელი სიტუაციისა, ცხოვრებას ყოველთვის აქვს აზრი, განსაკუთრებით მაშინ, თუ მეგობრობა, ჭეშმარიტი ადამიანური თვისებები და თანადგომა ისევ არსებობს და გვითბობს შიშისგან და სასოწარკვეთისგან გაყინულ გულს. ვფიქრობ, მესამე ეპიზოდი არამხოლოდ ამ სერიალის, არამედ, ზოგადად სერიალების ისტორიაშიც ერთ-ერთ საუკეთესო ეპიზოდად შევა. ესაა ისტორია ისტორიაში. ანუ, ისტორია თითქმის დაცარიელებულ სამყაროში მყოფ ორ ადამიანზე, რომელიც გადაწყვეტს, აღსასრულის პირას მყოფი ცხოვრება გაილამაზოს და შექმნას ბედნიერად ცხოვრების მაგალითი. მეოთხე ეპიზოდი ჯოელისა და ელის გმირებს უფრო აახლოვებს ერთმანეთს და ნელ-ნელა გვიჩვენებს, რომ ამ თამაშისა და სერიალის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი აქცენტი ზრუნვაზე კეთდება. მეხუთე ეპიზოდი, ისევე, როგორც მეორე ეპიზოდი გვახსენებს, რომ იმ გარემოს მიუხედავად, სადაც თვითგადარჩენა უმაღლესი და უზეანესი მიზანია, თავგანწირვა, გვერდში დგომა და სიყვარული მაინც ბევრად ძლიერია.გასაჭირში მყოფი ადამიანის გვერდში დადგომის, მისი დახმარების და გადარჩენის ინსტინქტი იმდენად ძლიერია, რომ ზოგჯერ საკუთარ თავს და პრინციპებსაც გავიწყებს.
ამ კონკრეტულ ეკრანიზაციას სხვა თამაშების ეკრანიზაციისგან ისიც გამოარჩევს, რომ ვისაც უშუალოდ თამაშთან ჰქონია შეხება, არ აქვს შეგრძნება, რომ ამ ყოველივეს მონაწილე თავად არაა. იმდენად ნამდვილი, ემოციურად დატვირთული და განსაკუთრებული გარემოა შექმნილი, რომ მაყურებელი ძველ შეგრძნებებებსაც იხსენებს და, თითქოს, ახალ მოგზაურობასაც იწყებს. ამ ყველაფერში აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დიდი დამსახურება აქვს თამაშისა და სერიალის კომპოზიტორს გუსტავო სანტაოლალას. თითქოს უმარტივესი, გზადაგზა სიჩუმით ამოვსებული მელოდიით უსაზღვრო შიშს, დაძაბულობას, სევდას და, ამავდროულად, შემართების შეგრძნებას აჟღერებს.
ვფიქრობ, არამხოლოდ მიმდინარე წელს, არამედ, ბოლო რამდენიმე წელია ასეთი კარგად ნაფიქრი და მაყურებლამდე მოტანილი ნამუშევარიიშვიათია. ამიტომ, დაველოდოთ შემდგომ ეპიზოდებს და დავტკბეთ ხარისხიანი სერიალით. ხოლო რაც შეეხება მათ, ვისაც არც თამაშთან ჰქონია შეხება და არც ამ სერიალით დაინტერესებულა, ვფიქრობ, არ უნდა გამოტოვოს ის დიდი მოგზაურობა და სიამოვნება, რაც წინ ელის.
