WTF

სტუდენტებს საცხოვრებელი სჭირდებათ

26 აპრილი 2022

პირველ კურსზე რომ ვიყავი, ინგლისურის ლექცია ჩვენი გაცნობით დაიწყო ლექტორმა. ცოტას თუ ნახავდი ისეთს, ონლაინ ლექციას რომ თბილისიდან ესწრებოდა. პრობლემები მაშინაც ბევრი გვქონდა: სვანეთის დიდთოვლობა, რაჭის უამინდობა, თელავში ჩამქრალი შუქი, ინტერნეტის ანდა ტელეფონის არქონა. 

 

2 მაისს უნივერსიტეტში უნდა მივიდე. თებერვლის ბოლოს გაგვაფრთხილეს. 9-საათიან ლექციაზე რომ არ დამაგვიანდეს, რვაზე სახლიდან უნდა გავიდე. უკვე დავლაგდი: მეტრომდე ავტობუსით მივალ, რუსთაველის მეტროდან უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე ფეხით ავალ, თუ დამეზარა, 88-ს გავყვები. ბოლო კვირებია ბათუმიდან, ქუთაისიდან, ზუგდიდიდან ჩათში იწერებიან, რომ ორიდან ისინი ვერ მოვლენ. ახლა ვერც თავიანთ იდიოტურ, მონური ანაზღაურების სამსახურებს დატოვებენ, ვერც ბინას იშოვიან და იქირავებენ. ან ახლა უნდა დაანებონ სწავლას თავი და სემესტრი დაიმატონ, ან მხოლოდ გამოცდებისთვის ჩამოვიდნენ თბილისში და საგნები ძლივს ან საერთოდ ვერ დახურონ. 

 

ჩემს მეგობრებს საცხოვრებელი სჭირდებათ. მე კი ყოველი ფეხის ნაბიჯზე უნივერსიტეტი იმედებს მიცრუებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არაფერია ისე, როგორც სტუდენტებს ან თავად ჯავახიშვილს ენდომებოდათ: ძალიან ცოტა გაცვლითი პროგრამა აღწევს უნივერსიტეტში, მოიშალა ინფრასტრუქტურა, საკონტაქტო პირს ვერსად იპოვი, არ მუშაობს ადმინისტრაცია, რექტორის დისერტაციის 34% პლაგიატია, სტუდენტური საცხოვრებლები არ არსებობს ან საცხოვრებლად აუტანელია, აკადემიური პერსონალი კი კურიოზად იხსენებს მეექვსე კორპუსს, მუდმივად შემწვარი კარტოფილის სუნი რომაა, რადგან საცხოვრებელ კორპუსშია შედგმული, ლამის მეორე მსოფლიო ომის შემდგომ რემონტი არ გაკეთებულა და - ინგრევა. და ხო, ალბათ, პეტრე მელიქიშვილი თავს არ იცოცხლებდა, მაგისტრანტს ნაშრომი რომ წარედგინა, სათაურით “რუსეთის ჰუმანიტარული მისიები საქართველოში”. შარვაშიძე ცხოვრებასაც განაგრძობს და ნაშრომის პატრონს, რომელიც საქართველოსათვის რუსეთის სიკეთეებზე გვიყვება, მაგისტრის ხარისხს ჩაახუტებს მალე. 

 

ჩემი მეგობრები 2 მაისს სწავლის ჰიბრიდული მეთოდით გაგრძელებას ითხოვენ. ანუ ვისაც სურს აუდიტორიაში იაროს, ვისაც ეს არ შეუძლია, ისევ ონლაინ დაესწროს ლექციებს. რექტორს მიაკითხეს და იგივე ითხოვეს. 80 მილიონიანი ბიუჯეტის მქონე უნივერსიტეტის რექტორს კი პირბადის მიღმა გაეცინა და უარით გამოისტუმრა სტუდენტები. თბილისში ბინების შოვნა გაძვირდა და გაჭირდა. თუ ჩემს მეგობრებს გაუმართლათ, ბინა ორი თვით უნდა იქირაონ, დილით ლექციებზე იარონ, საღამოს იმუშაონ, სადღაც შუალედში იმეცადინონ. თვის ბოლოს კი ბინის გაზრდილი ქირა და უნივერსიტეტის საფასური გადაიხადონ, მერე დარჩენილი ფული დაითვალონ, რამდენი დღე ეყოფათ საჭმლისთვის. სულ ასე ვერ გაგრძელდება, ჰიბრიდულად, მაგრამ ახლა ჩვეულებრივი სიტუაცია არაა. იქნებ, ცოტა უნივერსიტეტი დაეხმაროს სტუდენტებს და სექტემბრიდან დალაგდებიან. უნივერსიტეტში სტუდენტებს არ უსმენენ და არც ელაპარაკებიან. 

 

სად იცხოვრონ რეგიონში მყოფმა სტუდენტებმა? ყველამ ჭავჭავაძეზე იქირაოს ბინა რამდენიმე ასეულ დოლარად თუ სტუდენტური საცხოვრებელი აგვიშენონ? ინგლისურის ლექციაზე იმაზე იფიქრონ, მთელი ღამე ჭურჭელი რომ უნდა რეცხონ თუ სტუდენტურ საცხოვრებელში დაბრუნებულმა ინგლისური იდიომები ისწავლონ? 2018 წელს მოქმედმა რექტორმა 3000 სტუდენტზე გათვლილი სტუდენტური ქალაქის აშენება დააანონსა. ტელევიზიებმა სიუჟეტებიც მიუძღვნეს საქართველოსა და კავკასიაში პირველი უნივერსიტეტის კეთილშობილურ ინიციატივას. ეს სტუდენტური ქალაქი კი 100 მოგუგუნე ქარხნიდან ერთ-ერთის გვერდზე აშენდა, ანუ - არსად. ვიცი, ლექციაზე გვერდით რომ ვიღაც მეჯდება, შეიძლება იმაზე უფრო ფიქრობდეს, ხვალ ბინის ქირა რომ აქვს გადასახდელი, ვიდრე იმაზე, ჩვენ ორივეს რას გველაპარაკება ლექტორი. სევდიანია, ტრაგიკულია და ამის მოგვარება შესაძლებელია. სტუდენტური საცხოვრებლის არსებობა აუცილებელია, მით უმეტეს, თსუ-სთვის. ძალიან ბევრი სტუდენტია უნივერსიტეტში და პროგრამებზე მისაღები აბიტურიენტების რაოდენობას ყოველწლიურად ზრდიან. აბიტურიენტები კი მარტო თბილისში არ ცხოვრობენ. 

 

სტუდენტებს უნივერსიტეტისაგან პანდემიის დროს ხელშეწყობა არ ჰქონდათ. მაგალითად, თუ სხვა საჯარო უნივერსიტეტმა, თსუ-ზე დაბალი ბიუჯეტით, სტუდენტების ნაწილს სწავლის საფასური დაუფარა და ნაწილსაც ლეპტოპები უსახსოვრა, თსუ-ში ეს არ მომხდარა. სამაგიეროდ, ბიუჯეტის ფული იმავე ტემპით იხარჯებოდა უნივერსიტეტში საპნის ყიდვისათვის. 

 

ერთ კვირაში უნივერსიტეტში უნდა წავიდე. მე მიხარია, ერთი საათი მჭირდება უნივერსიტეტამდე. ჩემი მეგობრები კი ვერ მოდიან, საცხოვრებელი არ აქვთ თბილისში. ახლაც იწერებიან ჩათში, რომ კიდევ ერთი აქციის ჩატარება უნდათ, იქნებ რაიმე შეიცვალოს. უნივერსიტეტი და განსაკუთრებით, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზო ბევრ გაბრაზებულ სტუდენტს იტევდა. უნივერსიტეტის ცუდი რეფორმები და არასასურველი რექტორის გაპროტესტება ახალი არაა. პირველი კორპუსის ეზო კიდევ ერთხელ თუ დაიტევს გაბრაზებულ სტუდენტებს, შეიძლება 2 მაისიდან ლექციებს ყველა დავესწროთ.