სად ჯანდაბაშია ჩემი სოულმეითი ?

11 თებერვალი 2022

ახლა Daft Punk-ის Instant Crush ჩავრთე და წერა დავიწყე.

ამ სიმღერას მაშინ ვუსმენდი, როცა მეგონა, რომ სოულმეითი მყავდა.

ახლაც ვუსმენ ხოლმე.

იშვიათად.

 

სოულმეითების არსებობის თეორიას მეტროს ვაგონებში ავედევნები ხოლმე და ვიღაც უცნობ ტიპს ვეკითხები, შენ ხომ არ ხარ ჩემი სოულმეითი მეთქი?

უცნობი ტიპი, სახელად ჩემი სოულმეითი, დგას და ისიც კი არ იცის, რომ ერთ ვაგონში ვდგავართ, ერთ გოგირდიან ჰაერს ვსუნთქავთ და ერთნაირი სიჩქარით მიგვაქროლებს მატარებელი.

ის დგას და ზედაც არ მიყურებს. თუ დაჟინებით მივაშტერდები ისე, რომ მზერით მთელ ზედაპირს ავუწვავ, ორი წამით გამომხედავს და ისევ იმ წერტილს მიაშტერდება, მე რომ ჩემი პერსპექტივიდან ვერასდროს დავინახავ.

 

ჩემი სოულმეითი ხან ჩემ სადგურზე ჩამოდის, ხან ვაგონში რჩება, ხან წინ მასწრებს, ხან უკან ჩამომრჩება, ხან ერთი საფეხური მაშორებს მასთან, ხან მის ქუდს მოვკრავ მხოლოდ თვალს, ხან სევდიანად დაშვებულ თითებს.

 

საბოლოოდ არაფერი.

 

ორთქლდება.

 

არსებობენ კი სოულმეითები?

თუ კი, მაშინ ჩემი სოულმეითი სად ჯანდაბაშია?

 


3 წლის წინ ერთი ბიჭი შემიყვარდა თავდავიწყებით, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ტოქსიკურობის უფსკრულს ვერ ავცდით და სადღაც მაგ უფსკრულშივე ჩაიკარგა ჩემი რწმენა სოულმეითებთან დაკავშირებით, თუმცა მსოფლიო კულტურის რწმენა მეორე ნახევრების  შესახებ არსად დაკარგულა. 

 

ლიტერატურა, მუსიკა, კინო ყველა ყურში ჩაგვყვირის - ნახევარი ხარ და მხოლოდ სხვასთან ერთად შეძლებ გამთლიანებასო. სიყვარულსაც იმ ლანგრით გვაწოდებენ, რომელზეც მკაფიოდაა ამოკაწრული - “ან შეინარჩუნე, ან მოკვდი!” 


არომანტიზებენ ადამიანების ილუზიური გამთლიანების თეორიას, გვანახევრებენ და სოულმეითებისა და ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, მეორე ნახევრების გარეშე მარტოსულებადაც მიგვიჩნევენ.

 

დალექილი ილუზიები კი კომპლექსებად გადაიქცევა. გაიდიალებული ურთიერთობების მძებნელნი და სოულმეით დაკარგული უბედური ადამიანები სარკეში საკუთარ თავს თვითონაც ნახევრად აღიქვამენ. ან საერთოდ აღარ იყურებიან სარკეში.
 

მეც ასე ვიქცეოდი და ნახევრად დარჩენილს ჩემივე ამპუტირებული მეორე ნახევარი რომ გასაძლისად ამტკივდა, ავდექი და საკუთარი თავი გზა-გასაყარზე დავაყენე.

ერთ მხარეს დაკარგული მეორე ნახევრის დაუსრულებელი გლოვა მელოდებოდა, რომელიც სადღაც ჩემში დაიდებდა ბინას და ყოველთვის საკუთარი თავის უკმარისობასა და აუნაზღარურებელ დანაკარგს შემახსენებდა.

 

მეორე მხარეს კი ილუზიებისგან, სიყვარულის უაზრო პროექციებისგან დაცლილი და სოულმეითების არარსებობის ფაქტს შეგუებული ჩემივე მეორე ნაწილი მელოდებოდა.

ჰოდა, ასე ვაქციე სოულმეითების ძებნა მეტროს ვაგონებში თამაშად.

 

ჰოდა, თუ მკითხავ სად ჯანდაბაშია შენი სოულმეითიო, ან რუსთაველზე, ან სადგურის მოედანზე, ან ღრმაღელეზე, ან სადმე იქნება.