
“როგორც სევდიანმა, გაუმაძღარმა მეფე რომელიმე ზღაპრიდან ან იგავიდან, ქართველმა მილიარდერმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა იყიდა და ამოძირკვა ასობით მშვენიერი მწიფე ხე, გასწია უზარმაზარი ხარჯები და დიდი გაჭირვება მათი საკუთარ უზარმაზარ კერძო ბაღში გადასანერგად,” - ასე წერს The Guardian-ის კინომიმომხილველი სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის, “მოთვინიერების” განხილვისას.
“მოთვინიერება” სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმია, რომელშიც ოლიგარქ ივანიშვილის გაცხადებული სურვილი, ბუნების მოთვინიერებაა ნაჩვენები. ივანიშვილი, იქნება ის ოლიგარქი, ფილანტროპი, ქვეყნის არაფორმალური მმართველი თუ радной, ყოველთვის ხუშტურების ერთგულია. იგი ხეებს გლეჯდა, ცხრა ზღვას გადაატარებდა და პირად ეზოში დარგავდა ხოლმე. ბუნების მოთვინიერება ამით არც დაწყებულა და მით უმეტეს, არც დამთავრებულა.
გემახსოვრება, როგორ ააფეთქა საყდრისი, მსოფლიოს ყველაზე ძველი ოქროს მომპოვებელი მაღარო, დერეფნებიც არ შეისწავლა და არც გადასარჩენი ექსპონატები გამოიტანა მაღაროდან. სოლოლაკის შუშის სასახლეც მორიგი ხუშტურია. მთელს თბილისს მედიდურად რომ გადმოგვყურებს სასახლე, არასწორ ადგილასაა აშენებული. არ შეიძლება ამ ადგილას ამხელა სასახლის აშენება, ბუნება არ დაგყვება. დენდროლოგიურ პარკში გადასახლებული ვარდისფერი ფლამინგოებიც მოთვინიერების მცდელობა იყო.
ივანიშვილის ამგვარ ამოჩემებაზე გადაღებული ფილმის საჯარო ჩვენების უფლება რეჟისორს კინოცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა არ მისცა. ჩანიშნული ხუთი ჩვენებიდან, ერთი შედგა. არადა, გასულ წელს ფილმის პრემიერა ბერლინში გაიმართა. კინოცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ფილმი პოლიტიკურად მოტივირებულია და შესაძლოა, მისმა შინაარსმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვიოსო. ფილმი იდეის გარეშე მე ჯერ არ მინახავს. რაღაც უფრო ცენზურას გავს, ანდა პატრონისათვის ერთგულების დამტკიცების შესაძლებლობას.
წამიკითხავს და მომისმენია, რომ საბჭოთა კავშირშიც საგულდაგულოდ მალავდნენ ფილმებს, მათ შორის ქართულსაც. პუტინის რუსეთიც ასეთი, თითქოს უწყინარი შეზღუდვებით დაიწყო. მსგავსებებმა ცოტა შეიძლება დაგაბნიოს, მაგრამ მოგიყვები, როგორ “მოათვინიერა” კინო საბჭოთა კავშირმა და როგორც ცდილობს მის “მოთვინიერებას” თეა წულუკიანის სამინისტროც.
ჩვენ გასწავლით, როგორ გადაიღოთ ფილმი
ლენინს ბავშვებთან ერთად კინოც ძალიან უყვარდა. საბჭოთა კავშირის ფორმირების პერიოდში, რუსეთში უკვე არსებობდა კინოთეატრები, ლენინმა კი მათი ნაციონალიზება მოახდინა. მალევე კინოსკოლაც შექმნეს.
საბჭოთა ხელმძღვანელობამ ხალხთან ლაპარაკის მთავარ საშუალებად კინო აირჩია. კინორეჟისორებს უთხრეს, რომ დაერღვიათ კონვენციები და შეექმნათ ახალი კინო, რომელიც კომუნისტური საზოგადოების მხარდამჭერი იქნებოდა. ლენინის კინოსკოლის კურსდამთავრებულები დაყვნენ ბრძანებას და შექმნეს “სხვა კინო”, ფილმის განსხვავებული თეორიებითა და მონტაჟის ტექნიკით.
დოკუმენტური კინოს ახალი ერა
დოკუმენტური კინო ადრეული საბჭოთა კავშირის ცენტრალური ფიგურა იყო. საბჭოთა ხელისუფლება, ლენინის მეთაურობით, თითქოს თავისუფლებას აძლევდა დოკუმენტური კინოს რეჟისორებს, თუმცა მაინც შეზღუდულ თავისუფლებას. ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, დოკუმენტური ფილმები მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანების შესახებ უნდა გადაღებულიყო. ძალიან ხშირად კი ამ ჩვეულებრივ ადამიანებს არც თავიანთი ყოველდღიურობა ჰქონდათ გაცნობიერებული და არც იდენტობა.
საბჭოთა კავშირში გადაღებული ქართული ფილმებიდან ცოტა თუ იქნება, სადაც ადამიანებში იმ ღირებულებებს ამოვიცნობთ, რაც ახლა გვეამაყება. ასეთი ფილმები, რა თქმა უნდა, გადაუღიათ კიდეც, მაგრამ საბჭოთა რეპრესიებს ვერ გადარჩენია. ბნელ თაროზე შემოუნახავთ და მერე გამოუჩენიათ.
ხელოვანი გახდა მსახური
ხელოვანები რთულად მოსათვინიერებლები არიან. მათი დამორჩილება საბჭოთა კავშირსაც კი მეტ-ნაკლები წარმატებით გამოუვიდა და აბა, თეა წულუკიანი რას გახდება? სხვა რაზე უნდა გადაეღოთ ფილმები და რის შესახებ უნდა დაეწერათ წიგნები საჭოთა კავშირში, ამხელა პროპაგანდისტული იმპერია რომ ჰქონდათ თვალწინ და ზეწოლასაც არ აკლებდნენ…
ძირითად შემთხვევაში ან ბოროტების იმპერიის სამსახურში იყავი, ან საერთოდ არ იყავი. ზოგ შემთხვევაში კი, არც მორჩილებაში მყოფებს ასვენებდა ცენზურა - აქაო და ზედმეტი შემოქმედებითი თავისუფლება არ გამოიჩინონო.
ფილმი მხოლოდ პროპაგანდაზე უნდა გადაეღოთ. რეჟისორებს უნდა ეჩვენებინათ მშრომელი ქალი, კომუნიზმის სიდიადე, ზედმეტად არავის არავინ უნდა ყვარებოდა და წინააღმდეგობაც არავის უნდა გაეწია. ან საბჭოთა კავშირის წესების მსახური უნდა ყოფილიყავი, ან დისიდენტი, რომლის ფილმსიც დღის სინათლეს ვერასოდეს ნახავდა.
“ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია”
ყველა უნდა იქცეოდეს ისე, როგორც მე მინდა და ყველა ფილმიც ისეთი უნდა იყოს, როგორიც მე მინდა. საბჭოთა კავშირში უფრო მარტივი და მტკივნეული იქნებოდა კინორეჟისორის სახელმწიფოსა და მმართველობის მტრად გამოცხადება, ცენზურის ქვეშ გატარება და ფიზიკური დასჯაც. მაშინ ხელის შეშლასაც მარტივად შეძლებდნენ და ფილმის აკრძალვასაც.
ყველას მტერს თუ დაუძახებ, ვიღაც მაინც დაიჯერებს და დიდად არც ეწყინება, სახელმწიფოს მტრებს ფილმის ჩვენებისა და ხმის ამიღების უფლებას რომ არ აძლევ. თუ პოლარიზაციასა და აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს, თუ კიდევ უფრო გვაჩხუბებს, მაშინ ნუ ვაჩვენებთ, არაუშავს. ასე მუშაობს პრპაგანდა ჩვენიც და იქაურიც. ყველას უნდა დავაბრალოთ არეულობის მცდელობა, ფსევდო პატრიოტიზმი და ფსევდო ნიჭიერება.
ამხანაგ წულუკიანს ალბათ წითელი ყელსახვევის ნოსტალგია შემოაწვა, ან გაგვაფრთხილა, თუ ბიძინა არ მოგწონთ, ყველა საჯარო სივრციდან განდევნილი იქნებითო. ის ხომ კარგად იცის, ამ ფილმის ნახვას მაინც ნებისმიერი რომ შევძლებთ. ისე, იქნებ, მასაც ენახა და მერე გადაეწყვიტა, ღირდა თუ არა ჩვენება. უნახავი ფილმი რომ დაბლოკა. რუსეთის რეალობას კარგად მორგებული გადაწყვეტილება იყო. ქალბატონი მინისტრით ლენინიც იამაყებდა, სალავიოვი კი უკვე ამაყობს.
