როგორ დავიწყე ვარჯიში

18 აპრილი 2022

ალბათ ყველასთვის ნაცნობია ფრაზა “ორშაბათიდან ვარჯიშს ვიწყებ”. როგორც წესი, ამ ორშაბათის მოლოდინში არაერთი თვე და ზოგჯერ წელიც კი გადის. მე პირადად, ვარჯიშის დაწყება მოვინდომე 14 წლის ასაკში იმიტომ, რომ მშობლებიც კი დამცინოდნენ ისეთი გამხდარი ვიყავი. სამწუხაროდ მაშინ ბევრი რამ არ ვიცოდი, რაც ჩემ პროგრესს შეუწყობდა ხელს. მაგალითად ის ფაქტი, რომ დიეტას უფრო დიდი წვლილი მიუძღვის წონის დაკლებაში და თუნდაც წონის მომატებაში ვიდრე ვარჯიშს. 

მარტივად რომ ავხსნა, ვთქვათ ივარჯიშე და მოგემატა ერთი ქულა, თუ შემდეგ ვარჯიშამდე სწორად იკვებე, მაშინ ეს ერთი ქულა ათად გადაიქცევა. ეს არის შეცდომა, რომელსაც დამწყებების უდიდესი ნაწილი აუცილებლად უშვებს და ამ ამბავში გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც მე ვყოფილვარ. პირველი  წელი საერთოდ არ ვაქცევდი დიეტას ყურადღებას და ეხლა როცა უკან ვიყურები, კი მიხაროდა პატარა შედეგები, მაგრამ ძალიან მწყდება გული არაოპტიმალურად დახარჯული თვეების გამო. 

ისე, ვვარჯიშობდი მეთქი რო ვამბობ, აქ დარბაზში სიარულს არ ვგულისხმობ. სადღაც ამოვქექე მამაჩემის 1992 წლის დროინდელი პარალონი, გავშალე და ძველი, მამაპაპური აზიდვების კეთება დავიწყე. დრო და დრო ახალ ვარიაციებს და ვარჯიშებს ვამატებდი, სანამ ჩემმა მეგობრებმა დარბაზში სიარული არ დაიწყეს. ჩამორჩენა ცხადია არც მათ უნდოდათ.. და როგორც ხდება ხოლმე, კონკურენცია რო ვიგრძენი, მანდ შემეშინდა - ჩემზე ადრე არ ჩაჯდნენ ესენი ფორმაში მეთქი გავიფიქრე და როგორც ყველა თავზე-შეყვარებული ადამიანი იზამდა, მეც მივადექი იმ საკრალურ დაწესებულებას, ჯიმის სახელით რომ ვიცნობთ და ყველა ქუჩას თითო მაინც რომ ამშვენებს.

სიმართლე რომ ვთქვა, თავიდან ცოტა მეშინოდა საზოგადოების განსჯის, იმიტომ რომ მაინც პატარა ვიყავი ჩემი ასაკისთვის, მაგრამ როგორც კი დაწესებულების კარი შევაღე,  პირველი რაც გავიფიქრე “ვაა, რამხელა ძუძუებია” მეთქი. ეს სიტყვები იქ მყოფ ნახევრად შიშველ კაცებს მიემართებოდა, რომლებიც არც ერთ ქალს არ ჩამოუვარდებოდნენ მკერდის ზომით. 

 

ვინ იცის, მკერდის ზომამ დამაბნია, თუ ჩემმა სახლში ვარჯიშის “გამოცდილებამ” შემიყვანა შეცდომაში, მაგრამ ფაქტია, რომ დარბაზში შესულმა კიდევ ერთი არასწორი ნაბიჯი გადავდგი და მწვრთნელის აყვანაზე უარი ვთქვი. შეიძლება ცოტა ფინანსურად რთული იყოს, მაგრამ ტრავმის გამო 6 თვის ჩაგდებას ნამდვილად ჯობია. 
 

რაღაც პერიოდის შემდეგ მოტივაციის პრობლემასაც წავაწყდი, რამაც საკმაოდ უკან დამხია. შედეგად მივხვდი, რომ ყოველთვის მოტივაციაზე დამოკიდებული ვერ იქნები და ზოგჯერ მოგიწევს ისეთი არჩევნის გაკეთება, რომელიც იმ მომენტში არც ისე სასიამოვნოა. გამოსავალი, რომელსაც აქ მივაკვლიე მუსიკა იყო. არ არის საჭირო რაიმე სტარნდარტს მისდიო, რაც გისწორდება იმას მოუსმინე. მე ზოგჯერ ბეთჰოვენის ფონზე ვვარჯიშობ ხოლმე და საკმაოდ ეფექტურია. თუმცა ბოლოს ესეც გემოვნებამდე დადის - ვისთვის რა სტილია მამოტივირებელი.

ჯიმში სიარულის რაღაც პერიოდის შემდეგ, ნელ-ნელა შედეგების დანახვაც დავიწყე, მაგრამ წონის სწორად მომატება იმაზუ რთული აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. არსებობს პოპულარული მოსაზრება, რომ დაკლება უფრო ადვილია ვიდრე მომატება. სინამდვილეში, თუ ტრაკის აწევა გეზარება, ორივე ერთნაირად რთულია. გავიდა რამდენიმე თვე და მივხვდი, რომ დარბაზში სიარული უკვე ჩვევაში მქონდა გამჯდარი. დავდიოდი არამარტო დაგეგმილ დღეებში, არამედ მაშინაც, როცა უბრალოდ განმარტოება და რაღაცაზე ფიქრი მინდოდა. ასე იქცა ჯიმი ჩემთვის ყველაზე კომფორტულ ადგილად.