როგორ არ დაგვეძინოს დღის განმავლობაში

28 აპრილი 2022

მიუხედავად იმისა, რომ ბლოგს თითქმის ყველა იმ წესის დარღვევით მოწყობილ სამუშაო სივრცეში ვწერ, რაზეც ქვემოთ მოგიყვებით, გარწმუნებთ- თუმცა, მე არ მჯერა- რომ საკმაოდ ფხიზლად ვარ და წეღან მზესაც დავენახე. 

თუ დაკავებული ადამიანი ხარ - სკოლაში სწავლობ, სტუდენტი ხარ ან უბრალოდ სამსახურში ყველა დედლაინი ერთ დღეს გაქვს, თითო საათის შუალედით, მაშინ დროა ისე მოაწყო სამუშაო სივრცე, რომ მაქსიმალურად პროდუქტიული იყო.
 

შეიძლება იმაზე, რასაც ახლა მოვყვები აქამდე არ გიფიქრია და გაგიკვირდეს, ასეთი ერთი შეხედვით ტრივიალური დეტალები, როგორ უნდა განსაზღვრავდეს შენს ფოკუსს, პროდუქტიულობასა და ამავდროულად მეტ-ნაკლები ჯანსაღი ცხოვრების წესს, თუმცა არ უნდა დაგვავწიყდეს, რომ ადამიანი ევოლუციის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური შემთხვევაა.

ჩვენი პროდუქტიულობა, სიფხიზლე და ფოკუსი მჭიდრო კავშირშია ე.წ ცირკადულ ციკლთან, რაც, უხეშად რომ ვთქვათ, ძილ-ღვიძილის ციკლს ნიშნავს. 

 

ადამიანის სხეული - მისი ტვინის ბიოქიმია, ნეირონული მოცემულობა მორგებულია დღე-ღამის მონაცვლეობას. 

 

მზის ამოსვლასთან ერთად დღის განმავლობაში ტვინში გამოყოფილი ნივთიერებები- საშუალებას გვაძლევს დღის განმავლობაში გვეღვიძოს- შევასრულოთ სხვადასხვა კოგნიტური ამოცანა, ვისწავლოთ, გავაკეთოთ ანალიზი, შევქმნათ და სხვა. 

 

მზის ჩასვლასთან ერთად ტვინი იწყებს იმ ნივთიერებების გამოყოფას, რომელიც ჩვენს სხეულს დასაძინებლად ამზადებს - შესაბამისად ფოკუსირებისა და პროდუქტიულობის უნარები ნელ-ნელა იკლებს. 

 

ჩვენი მიზანია, დღის განმავლობაში მივაღწიოთ მაქსიმალური სიფხიზლის დონეს ისე, რომ ცირკადული ციკლი არ დავარღვიოთ და ინსომნიის მორევში კიდევ უფრო ღრმად არ გადავეშვათ. 

თუ ხსენებულ მორევში ნამეტანი ღრმად ხარ, აი, ახლა ჩამოგიგდებ ცოტა თოკს და მოეჭიდე: 


 

სინათლე

 

მზის სხივებთან პირდაპირი კონტაქტი ჩვენს ტვინს აცნობებს, რომ გათენდა და დროა გამოფხიზლდეს. Თვალებში არსებული ნეირონები ფოტონების დახმარებით აქტიურდებიან იმ ნეიროქიმიკატების გამომუშავება იწყება, რაც დავალებას გაწერინებს და დედლაინზე განერვიულებს

 

თუ მზის მადლით განათებული ოთახის მაგივრად ჯურღმულში მუშაობ, გირჩევ ლედ-ნათურები მოიმარაგო და სადაც მოახერხებ ყველგან დააყენო. რაც მეტ დემონს დაუბრმავებ თვალებს, მით უფრო პროდუქტიული იქნები

დღის 3 საათამდე, ტვინი უფრო ანალიტიკური სამუშაოს შესასრულებლად არის მზად. Ასე რომ, თუ მათემატიკურ ფორმულებზე გიწევს მუშაობა ან სასწრაფოდ ატომი გაქვს გასახლეჩი, სჯობს ამ ამბავს დილით მიხედო.

 

4-5 საათისთვის შეგიძლია აბსტრაქტულ, კრეატიულ სამუშაოებზე გადაერთო და ნახავ, რომ ბრეინშტორმინგისას შენი გონება საღამოს შედარებით ნაკლებად გაიყინება.
 


კომპიუტერი ან პლანშეტი შენი თვალების სიმაღლეზე, ან უფრო მაღლა დადე 

 

კვლევები ადასტურებს, რომ თვალების მაღლა აწევა- მაღლა ახედვა-  სიფხიზლეს უწყობს ხელს. Სწორედ ამიტომაა, მოთენთვის ჟამს თვალები ნელ-ნელა დაბლა რომ გვივარდება და მუშაობას წამიერი ჩაძინება გაწყვეტინებს ხოლმე. 

 

ამიტომ, ორი ძველი საბჭოთა ენციკლოპედია თუ გიგდია სახლში, შეგიძლია, შენი ლეპტოპი ან ეკრანი მათზე წამოაგორო


დგომი, პოზა?!

 

აღმოჩნდა, რომ დგომასა და ჯდომას შორის თანაფარდობა დაცული უნდა იყოს. Წამოწოლილზე რამდენად არაპროდუქტიული ხარ, დაკვირვებიხარ თუ ისე სწრაფად წაგთვლემს, კოგნიტური ფუნქციების გამოყენებას ვერ ასწრებ ხოლმე?  Ეს იმიტომ, რომ სხეულის სივრცეში განსხვავებულად განლაგება- ტვინს განსხვავებულ სიგნალებს აწვდის. Როცა წევხარ, ტვინი ფიქრობს, ვაჰ, ძილის დროაო და წკაპ, გთენთავს. Ამიტომ, სჯობს სწორად იჯდე და არაფერი მოგივა, ცოტახანს ფეხზე დამდგარიც ჩასქროლავ.


 

ასე. ამხელაა ჭერია საჭირო

 

არსებობს ცნება “კათედრალის ეფექტი”, რაც გულისხმობს, რომ დაბალჭერიანი და მჭიდრო სამუშაო სივრცე უკეთესია ანალიტიკური, დეტალებზე ორიენტირებული სამუშაოს შესასრულებლად, მაშინ, მაღალჭერიანი სივრცე კი, კრეატივისა და აბსტრაქტული აზროვნების გასაღვივებლად. ასე რომ, შეგიძლია შენს მენეჯერს ჩაურტყვა, ბრეინშტორმინგისთვის მზიურში ხომ არ გადაგვერბინაო 


 

ჰუდი ან ქუდი

 

ქუდი შენი მხედველობის არეალს ავიწროებს, რაც ხელს უწყობს თვალებსა და ტვინს, კონცენტრირდეს მხოლოდ მის წინ არსებულ მოცემულობაზე. Ეს შენი ფოკუსის მაქსიმიზაციას ახდენს. Თუმცა, რეკომენდირებულია ამ მდგომარეობაში მხოლოდ 45 წუთი დაჰყო, შემდეგ კი 5 წუთით ადგე, ქუდი ან ჰუდი მოიხსნა და თვალს პანორამული ხედვა ჩაურთო- ანუ დაარელაქსირო. მასაჟებს უკეთებ 45 წუთიანი დაძაბული სამუშაოს სანაცვლოდ, ხვდები?


 

საბრძოლო მუსიკა ისმის, მაგრამ მტერი არ ჩანს- ანუ, დედლაინი

 

ძალიან გეძინება, მაგრამ სასწორზე შენი ხელფასი და მომავალია.

სამოქმედო გეგმა: ანთებ რაც შეიძლება მეტ სინათლეს, კოფეინში ლბები და 900 მლ წყალს იღებ. მორალი: როცა გეფსია, ფხიზლდები

 

დამპალი დისტრაქტორები

 

კონცენტრაციის დაკარგვის შემდეგ მის აღდგენას საშუალოდ 6 წუთი სჭირდება. სასქროლი მოწყობილობის ხელში ყოველი აღება დამატებით 6 წუთს გართმევს, იმ 2 საათის გარდა, უშუალოდ სქროლაში რომ გეხარჯება.

პროდუქტიულობა მსხვერპლს მოითხოვს. 

ვიცი, მძიმეა ამის გაანალიზება, მაგრამ შენი მომავალი შენზეა დამოკიდებული.

 

მოცემული ინფორმაცია გამყარებულია მეცნიერული ცოდნით ;)