რატომ ჩავაბარე უნივერსიტეტში?

20 იანვარი 2022

ყველაზე მშვიდ დროს გამახსენდება, რომ კიდევ ორწელიწად ნახევარი უნივერსიტეტში უნდა ვისწავლო, სუნთქვა მეკვრება და უმალ სევდიანი ვხდები ხოლმე. გუშინდელი დღესავით მახსოვს, პირველ ლექციაზე რომ შევედი, გამარჯობით დაწყებული, მომავალ კვირამდე გემშვიდობებით დამთავრებული ყველა სიტყვა რომ ჩავიწერე. სამწუხაროდ, არც ეს აღფრთოვანება და არც ეს მონდომება მეორე სემესტრამდეც არ გამყვა. მალევე დავიწყე დაეჭვება საკუთარ გადაწყვეტილებაში, არასათანადო ინტერესის გამოვლენა, დაღლა და უკმაყოფილება. 

 

ჩემი კურსელებისთვის რომ მოგესმინა, გაოცდებოდი. ყველას ფანტასტიური სიტყვა ჰქონდა მომზადებული, თუ რატომ ჩააბარეს ამ უნივერისტეტში და ამ ფაკულტეტზე. ამ დროს ძალიან დავიბენი, კარგი კი არა, საერთოდ თქმად რომ ღირებულიყო ისეთი პასუხიც არ მქონდა. უნივერსიტეტში ბევრი ფიქრის გარეშე ჩავაბარე. აქვე სიმართლეს გეტყვი და იმედებიც მალევე გამიცრუვდა. მეორე სიმართლესაც შემოგაშველებ და ცოტა ხნით უკან რომ დავბრუნდე, უნივერსიტეტში ჩაბარებას მაინც კვლავაც შევეცდებოდი. 

აბიტურიენტობის დროს, წამით არ მიფიქრია, რომ უნივერსიტეტში არ უნდა ჩამებარებინა, მაგრამ არც იმაზე მიფიქრია, რატომ უნდა ჩამებარებინა. ახლა რამდენიმე, მეტ-ნაკლებად ლოგიკურ მიზეზს გაგიმხელთ იმისას, თუ რატომ ჩავაბარე უნივერსიტეტში:

 


კარგი მომავლის იმედი

ალბათ, უმთავრესი, რამაც უნივერსიტეტში ჩაბარება გადამაწყვეტინა, ის მცდარი აზრი იყო, თითქოს უმაღლესი განათლების გარეშე წამოუდგენელია საკუთარი საქმისა და ფინანსების ქონა. სამართლიანობისათვის უნდა ითქვას, ცოტა ხანში რომ დიპლომი მექნება, დიდად არ მამშვიდებს. მას რომ არაერთი დანიშნულება აქვს ჩემზე უკეთესად მოგეხსენება მაგრამ ხშირად მთავარს ვერ ასრულებს ხოლმე. სახლში ორი დიპლომი რომ აქვთ, მაგრამ ახლა ტაქსისტობა უწევთ, ზოგჯერ მართალიც აღმოჩნდება. ახლა ხომ უამრავი საქმეა, რომლის უნივერსიტეტში სწავლა წარმოუდგენელია ან უბრალოდ დროის კარგვაა. კარგად რომ დავუფიქრდე, შეიძლება ცოტა თავისუფლება მიმეცა საკუთარი თავისათვის და პროფესიების მრავალფეროვნებაზეც დავფიქრებულიყავი. 

კარგი მომავლის იმედი მთლად აბსურდული არგუმენტიც არ მგონია. ცდა ბედის მონახევრეა, იმედიც ბოლოს კვდებაო და იქნებ, მე და ჩემ დიპლომსაც სადმე მაინც გაგვიმართლოს. 

 


უმრავლესობა აბარებს უნივერსიტეტში 

 

 

ჩემმა ყველა მეგობარმა სკოლის დამთავრების შემდგომ უნივერსიტეტში სწავლა გადაწყვიტა. ჩემთვისაც ინერციასავით იყო და სკოლის დამთავრების ლოგიკურ გაგრძელებად მხოლოდ უნივერსიტეტში ჩაბარება მეჩვენებოდა. 

ნამდვილად არავის დაუძლებია უმაღლესი განათლების მიღება, არც ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის არჩევაში ჩამრევიან უხეშად, მაგრამ ასე გამოვიდა. ცხადად ვერ წარმოვიდგენდი, რა უნდა გამეკეთებინა უნივერსიტეტის გარეშე. 

ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩემთვის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება კარგი არჩევანი იყო. გამოკვეთილად არაფრის ნიჭი მაქვს, არც ხატვა შემიძლია, არც სიმღერა… განგებას არანაირი ნიჭით არ დავუჯილდოებივარ. ყველაფრის სწავლა რომ შესაძლებელია და უნივერსიტეტის ბევრი ალტერნატივა არსებობს ამაში ახლა უკვე დარწმუნებული ვარ. 

თუ უნივერსიტეტში სწავლა დიდად არ გინდა, არც ის სფეროები მოგწონს, რომლის შესწავლასაც ქართული უმაღლესი სასწავლებლები გთავაზობენ, თავს ნუ შეიზღუდავ. კარგად გადახედე პროფესიებს, რომლებიც გაინტერესებს და მის სწავლას შეუდექი, თუნდაც სახლიდან. 

 


ძალიან ჭკვიანი ვიქნებოდი

ნამდვილად მეგონა, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ძალიან ჭკვიანი ვიქნებოდი. იქაც ყველა ჩემზე ჭკვინი მეგონა და პირველ სემესტრში მასალის მოყოლისაც ძალიან მრცხვენოდა. უნივერსიტეტში მართლაც დიდ პროფესიულ ცოდნას აგროვებ და მსოფლმხედველობრივი აღქმაც რადიკალურად გეცვლება, სწავლობ ურთიერთობებს და ბევრ სხვასაც. 

ჩემი წარმოდგენა, თითქოს უნივერსიტეტდამთავრებული ყველა ჭკვიანია, ნაწილობრივ ტყუილი აღმოჩნდა. მალევე ბევრი ნაკლებად ჭკვიანური მოსაზრება მოვისმინე თავად უნივერსიტეტშიც. განათლების მიღება ხომ ყველაგან შეიძლება და უნივერსიტეტში მხოლოდ ამ მიზნით ჩაბარება, წიგნებში ფულის გადაყრა და შუალედურ-ფინალურების წერა, ახლა მთლად გამართლებული აღარ მეჩვენება. თუმცა მე დარწმუნებული ვიყავი, რომ სხვაგვარად სწორ და სათანადო გონებრივ განვითარებას ვერ შევძლებდი. 

 

 


არ ვიცი 

 

არ მოგატყუებ და არ გეტყვი, რომ ძალიან მომწონს ჩემი პროფესია და მის გარეშე ერთი დღეც არ წამომიდგენია. ახლაც რომ ვფიქრობ, არც მეტად და არც ნაკლებად სხვა რომელიმე ფაკულტეტზე სწავლას არ ვისურვებდი. მომწონს უნივერსიტეტში სწავლა, კმაყოფილი ვარ გადაწყვეტილებით, მაგრამ რატომ არ ვიცი. გამოგიტყდები და ჩემს პროფესიაში არც დიადი კარიერული მიზნები მაქვს დასახული, მაგრამ აქ პრობლემასაც ვერ ვხედავ. უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის შეცვლა, ან სულაც სწავლის შეწყვეტა საკმაოდ მარტივი პროცესია. როცა ალტერნატივას ვიპოვი, მოქმედებას არ დავაყოვნებ. 

  

რატომ გავეხვიე ასეთ შარში და არჩევანი თსუ-ზე შევაჩერე, ამას ცალკე ბლოგი სჭირდება. :)