
ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვანია, თუმცა ეს ფრაზა ალბათ ბევრჯერ მოგისმენიათ. შემდეგ სხვა არხზე გადაგირთავთ და დორიტოსის ჭამა გაგიგრძელებიათ. დორიტოსის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, ჯანქ ფუდი რომ არ არსებობდეს, ცხოვრება ბევრად მოსაწყენი იქნებოდა. მართალია უფრო ხანგრძლივი, მაგრამ ბევრად მოსაწყენი. მხიარულ და ხანმოკლე ცხოვრებას რაც შეეხება, არც ისე ცუდი ვარიანტია, თუმცა მხიარული და ხანგრძლივი სჯობს. ამიტომ მაკდონალდსში ვოიაჟების პარალელურად, სპორტდარბაზშიც რომ შეიაროთ ხოლმე, იქნებ 40 წლის ასაკში გულის შეტევამაც არ გიმსხვეპრლოთ.
ვარჯიში ბანანივითაა. ყველაფრისთვის კარგია და ბევრი დადებითი თვისება აქვს, გულის შეტევის, დიაბეტის, ჰიპერტენზიის და კიდევ უამრავი დაავადების რისკს ამცირებს, თან ფორმაში ხარ და შენი გამრავლების ან გამრავლების მცდელობების შანსებიც იმატებს. მოკლედ, ვარჯიში კარგია. ვიცი რომ მეთანხმები, ისევე როგორც სლოგანს თამბაქოს კოლოფზე - „მოწევა კლავს“, მაგრამ მაინც იღებ სიგარეტს და ეწევი...
ვარჯიშისგან თავის შეკავების 6 ყველაზე გავრცელებული მიზეზი ასე გამოიყურება:
1. კომფორტის ზონიდან გასვლა რთულია
სპორტდარბაზი ყველას რაღაც უხერხულ ადგილად წარმოუდგენია. ჭარბი წონის პრობლემის მქონეები განსაკუთრებით ღელავენ, თან არავის უნდა ახალ სოციუმში მოხვდეს და ახალბედა იყოს, როცა ირგვლივ ამდენი ქალი ან კაცია, თან ყველა კარგად გამოიყურება და შენ ღიპი გაქვს... უბრალოდ არც ისე ცოტა ხნის წინ იმათაც ჰქონდათ ღიპი, მერე მაცივრის კარებს თავი დაანებეს და გირებს ეჯაჯგურებოდნენ. ჰოდა თუ გინდა სხეული ფორმაში მოიყვანო, რაღაც უნდა დათმო. ცხიმის მომარაგება ზუსტად იმდენად ადვილია მის დაწვასთან შედარებით, როგორც მეშვიდეზე არბენაა რთული ერთი ნაჭერი ტორტის ჭამასთან შედარებით.
2. ადრე სცადე და არ გამოგივიდა
ადამიანების უმეტესობას ერთხელ მაინც უცდია "ჯიმში" მისვლა, მერე ვიღაცას ხელი დაეჭიმა, ამას მუხლი ეტკინა, იმან გირა მძიმეაო და ზოგი გათხოვდა. ცუდი გამოცდილება კარგია, იმავეს არ გაიმეორებ, უფრო ნელა და ჭკვიანურად ივარჯიშებ. მიხვდები, რომ გახურება საჭიროა ვარჯიშამდე, რომ კი გინდა დიდი ბიცეფსი, მაგრამ არ ღირს 30 კილოგრამიანი ჰანტელის აღება, როცა 3 ლიტრიანი წყალი სახლში ორი ხელით აგაქვს და არც 8 კილომეტრი უნდა ირბინო პირველივე დღეს, როცა მეოთხეზე ლიფტით ადიხარ და მაინც იღლები.
ზოგმა მეგობრებთან ერთად დაიწყო, მერე იმათ დაიკიდეს და ამას რა ექნა, მარტო ხო არ ივლიდა?! მარტო სიარულის დროს ბევრად შორდებოდა კომფორტის ზონას (იხ. პირველი მიზეზი).
3. არ მოგწონთ ვარჯიშების კეთება
მოძებნეთ ვარჯიშები, რომლებიც მოგწონთ. ვარჯიშების უამრავი ვარიაცია არსებობს. ეცადეთ დასაწყისისთვის მაინც ნაკლებად დაიტვირთოთ და თქვენთვის მომხიბვლელი ვარჯიშები აკეთოთ, შემდეგ კი, როცა გაშინაურდებით, ის ვარჯიშებიც უფრო მიმზიდველი გახდება, რომლებზეც უარს ამბობდით (ან არ გახდება).
4. ვერ ხედავ ცვლილებებს
როგორც აღვნიშნე, ცხიმის მომარაგება უფრო ადვილია, ვიდრე მისი დაწვა, ამიტომ ცვლილებებს სჭირდება დრო. თუმცა სწორი და შრომატევადი ვარჯიშის პირობებში შედეგს 1 თვეში დაინახავთ და დამიჯერეთ, ოდნავი შედეგიც კი იმდენად დიდი მოტივაციაა, რომ დაკლებული 5 კილოგრამი ან შესამჩნევად გაზრდილი ბიცეფსი რამოდენიმე თვე ინერციით გატარებთ ჯიმში.
5. დრო არ გაქვს
დრო გაქვს, უბრალოდ გენანება. ვარჯიში ყველგან შეიძლება, სახლში, ქუჩაში, ავტობუსში, სამუშაო მაგიდასთან... მთავარია დაიწყო, რაღაც მიზანი დაისახო და მოინდომო.
6. მოწევა
მოწევისთვის თავის დანებება საკმაოდ რთულია, ამიტომ უბრალოდ ივარჯიშე. რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ არ მგონია მოწევა მოგინდეს, თუ მაინც მოგინდება ვეიპზე გადადი ან გააიშვიათე თანდათან ან უბრალოდ დაელოდე როდის მოკვდები გულის იშემიური დაავადებით.
რამოდენიმე რჩევა იურისტისგან, რომელიც ასე თუ ისე ფიტნესშიც ერკვევა:
1. ნუ დაელოდები როდის მიგატოვებს შეყვარებული ან როდის გეტყვის ჯადოსნური სარკე რომ ყველაზე ლამაზი კი არა, იმდენად მსუქანი და უფორმო ხარ, რომ ლიფტიც წუწუნებს, როცა კორპუსს უახლოვდები. უბრალოდ ადექი და მიდი დარბაზში, სპონტანური გადაწყვეტილებებია ყველაზე კარგი. ყოველთვის.
2. პირადი ტრენერი ძვირია. ინტერნეტი შედარებით იაფი. ამიტომ იუთუბი გასწავლის ყველა იმ ვარჯიშს, რომლის გაკეთებაც გჭირდება, გუგლი კი კვების და სავარჯიშო გეგმის შესადგენად აუცილებელ ინფორმაციას მოგაწვდის. მოკლედ, დასაწყისისთვის გაქაჩავ.
3. ის, რაც სხვისთვის არის მოქმედი, შეიძლება შენთვის არც ისე მისაღები იყოს. ადამიანები განსხვავებულები არიან, განსხვავებული მეტაბოლიზმი აქვთ და განსხვავებული ვარჯიშები ჭირდებათ. მხოლოდ შენ შეიძლება იცოდე რა მოგცემს უკეთეს შედეგს, ამიტომ მუდმივად უნდა დააკვირდე საკუთარ თავს და დასკვნები გამოიტანო. დასაწყისისთვის კარგი იქნება თუ საკუთარი სხეულის ტიპს გაარკვევთ.
4. ყველა ვარჯიშამდე გახურდი, აკეთე გაწელვები (იუთუბზე უამრავს ნახავ და შენთვის მისაღები აარჩიე). ვარჯიშის შემდგომაც კარგია თუ გაიწელები, სისხლის ცირკულაცია აღდგება და შენც მშვიდად იქნები.
5. მთავარი მაინც კვებაა, რაც არ უნდა ივარჯიშო, თუ შესაბამისად არ იკვებები, წონას ვერ დაიკლებ და ვერც კუნთოვან მასას მოიმატებ. მარტივად შეგიძლია ნახო პროტეინით მდიდარი და დიეტური საკვების ჩამონათვალი ინტერნეტში.
