
ის დღე დაიწვას, Facebook-მა ჩვენი შავ-ბნელი წარსულის შეხსენება რომ დაიწყო. მართალია, ზოგიერთმა ჩვენგანმა ძველი პოსტებისა და ფოტოების კომენტარებში მეგობრების მონიშვნა და მათთან ერთად ღლიცინი არჩია, თუმცა ზოგიერთი კომპრომატების მალვას გულმოდგინედ შეუდგა და ღამის მშვიდი ძილიც დაეფრთხო.
ფაქტი ერთია - ჩვენი წარსული ქმედებებით, მგონი, არავინ დავრჩით კმაყოფილები, ამიტომ ამ ბლოგში ჩვენს ყველაზე “ქრინჯულ” მოგონებებს მოვუყარე თავი:
Camwow
ამ თავით ფერხთამდე გავარდისფერებულ ფოტოებს იმით თუ გავამართლებთ, რომ ფილტრების შესახებ ჯერ არაფერი გაგვეგო. მართალია, მისი მეფობისას iphone მე პირადად ჯერ არ მებადა, მაგრამ Pizap-ისთვის მიმიწვდებოდა ხელი, ამიტომ ვიჯექი და გულმოდგინედ ვჭრიდი და ვკერავდი Camwow-ის ლოგოს თავისი მოვარდისფრო ფილტრებიანად.
TsseEerRRiiSSs aSseTTtiIii ManNeRaAaa...
როგორც მახსოვს, ასე ჯერ კიდევ ცნობილი “ადნაკლასნიკების” დროს ვიტანჯავდით თავებს. არ ვიცი, ეს ტრენდი ვინ მოიგონა, მაგრამ ფაქტია, ყველანი ერთად მოგვიცვა და კარგა გემრიელად ვიტეხეთ თითები და შეიძლება ცოტ-ცოტა ნევროზიც ავიკიდეთ.
საქვეყნოდ გამოფენილი პირადი ურთიერთობები
თითქოს სოციალური ქსელების გამოგონებისთანავე პირადი შეტყობინებების ფუნქცია გათვალისწინებული იყო, თუმცა ამან ხელი არ შეგვიშალა საქვეყნოდ მოგვენიშნა მეგობრები და ისეთი კითხვები დაგვესვა, როგორებიცა: Gaighvidze shechema? Visi dabadebis dghe modiso visio? Ro shemokhval momtsere და სხვა მრავალი.
“ფეხები გამიცვალე” კომენტარები
ამ კატეგორიაში უფრო გოგონები ვლიდერობდით. ალბათ ყველას კარგად გვახსოვს, რომ თითო გოგოზე 5 კლავიატურამომარჯვებული დაქალი მაინც მოდიოდა, რომლებიც თითქმის ხოცავდნენ ერთმანეთს ფოტოს ავტორის სიყვარულის დასამტკიცებლად.
ფეხების/ხელების ფოტოები
ეს იმ პერიოდში ხდება, როცა რაიმე ფესტივალზე ან კონცერტზე შეპარვა ერთი დიდი დღესასწაული იყო. თუ “რედბულ-ვოდკას” იმ ხელში დაიჭერდით, რომელზეც ბეჭედს დაგასვამდნენ, მაშინ ფოტო მართლაც მოწოდების სიმაღლეზე ადიოდა. ასეთ სურათებს ე.წ. “matching” ფეხსაცმელები, “გამაშები” ან მსგავსი აქსესუარებიც აკვდებოდა.
400 სურათიანი ალბომები
მართალია, ბნელ წარსულში გემოვნება დიდად არ გვიბრწყინავდა, მაგრამ ამბიციის ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივოდით, რადგან ასეულობით სურათით გატენილი ალბომების შექმნა არასდროს გვეზარებოდა. თან გვჯეროდა, რომ ჩვენ ირგვლივ მყოფი ადამიანები უკანასკნელ სურათებამდე არ დაიშურებდნენ ლაიქებს (მაშინ მეტი არაფერი გვებადა).
დაბლარული ფოტოები ინსტაგრამზე
წარმოდგენა არ მაქვს, ამ ტრენდის დასაბამი საიდან მოდის ან რატომ ვაკეთებდით, თუმცა ჩემი მაშინდელი თავი რომ მახსენდება ვნატრობ, ნეტავ მთლიანად დამებლარა ძველი სურათები, რათა კომპრომანტებად არ შემორჩენოდა მომავალ თაობას.
