WTF

რას გვიქადიან ვარსკვლავები 2022 წელს?

22 დეკემბერი 2021

ვარსკვლავებმა, გასაყიდად გამოტანილმა ჩიჩილაკებმა თუ სადარბაზოში შემოგდებულმა ასაფეთქებელმა (აბა, თოვლი ჩვენ არ გვეღირსა) 2021 წლის დასასრული გვამცნო. თავმომწონედ ნამდვილად არ გამოიყურებოდა გასული წელი, მეტიც 2020-ზე უარესიც კი იყო. საჯაროდ უიმედობის გამომჟღავნების უფლებას მივცემ საკუთარ თავს და მხოლოდ ერთხელ ვიტყვი, ახალ წელს უმიზნოდ, უღიმღამოდ ვხვდები. ბოლო წლებია კოსმოსში რაღაც ეშლებათ, მგონი ვარსკვლავები გაბოროტდნენ. მაგრამ, იქნებ, წელს მაინც რაიმე იმედის მომცემს გვიქადიან? თუ ახლა გოზინაყი გაზზე გიდგას ან ღუმელში ხაჭაპურს აცხობ, სამზარეულო ცოტა ხნით დაასვენე და ნახე, რას გვეუბნება 2022 წლის ასტროლოგიური კალენდარი.


 

ვერძი

 

ვინაიდან ვერძის მთავრი სტიქია ცეცხლია, წლის დასაწყისში პარტნიორთან უთანხმოებას უნდა ელოდო. უმჯობესია, თუ პროვოკაციას არ წამოეგები და კონფლიქტების თავიდან აცილებას ეცდები. თუ მეორე ნახევართან უთანხმოებას თავი მაინც ვერ დააღწიე, არაუშავს! ტინდერზე დარეგისტრირდი და პრობლემებზე ჰაბში მოყევი. შემდეგ ცივი წყალი დალიე, ესეც გიშველის. 

 

კურო

 

კუროს ეტლი ვენერაშია, ვენერა კი საქართველოს პარლამენტში, ასე რომ, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის საქმიანი ურთიერთობების წამოსაწყებად ხელსაყრელი დრო დგება. მარტის ბოლოსათვის განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინო საქმიან პარტნიორთან. თუ რაიმე შეგეშლება, ვერც შარლ მიშელი და ვერც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე (“რა უბედურებაა?”) გიშველის. 

 

ტყუპები

 

მერკურის მფარველობით, კოვიდს, ომიკრონსა და ტვინდემიას წელსაც გადაურჩები. სიფრთხილეს მაინც ნუ დაივიწყებ. ანტივაქსერების შექმნილი ახალი ვირუსი დადის თურმე ქალაქში და ფრთხილად იყავი, ვაქცინირებულებს და რეკომენდაციების დამცველებს განსაკუთრებით ებრძვისო. მაგრამ, თუ ამდენ ხანსაც მხოლოდ მერკურის მფარველობის იმედად დადიოდი, მაინც ყველაფრის ღირსი ყოფილხარ. 

 

კირძხიბი

 

კირჩხიბი ძალიან მგრძნობიარე, ემოციური ნიშანია და ვეფხვსაც ვერ ეწყობა. წლის დასაწყისი განსაკუთრებით რთული იქნება, მაგრამ, აბა, მითხარი, ამ დაქცეულ ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნება და დასვენება როგორ გირჩიო? ვინ დაგასვენებს, თორემ - კი. 

 

ლომი

 

2022 წელი ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის სტაბილური და ძლიერი წელი იქნება. კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლისგან, ვეფხვისგან აპრილ-მაისში დიდ მხარდაჭერას იგრძნობთ. ელოდეთ კეთილდღეობას. ერთი სიტყვით, როგორც მიხეილ ცაგარელის კარაბადინსა სწერია: “გახსნილი გაქვს, ჩემო კარგო, გახსნილი…” 

 

ქალწული

 

ქალწულისათვის ხვავისა და ბარაქის მომტანი წელიწადი იქნება, ცხადია, თუ იმუშავებ, ან ჯეკპოტს მოიგებ. სხვა შემთხვევაში, მეეჭვება, ასეთი ეკონომიკური გაჭირვების დროს, ვეფხვმა, ლომმა ან პანტერამ ფინანსური სარგებელი მოგიტანოს. თუმცა სულ უმოქმედოდაც არ იქნება ვეფხვი… ის სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში აუცილებლად დაგეხმარება. 

 

სასწორი

 

ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის სასიყვარულო ურთიერთობის დაწყების დრო დგება. 2022 წელს შესაძლოა რამდენიმე, თანაც ძალიან მრავალფეროვან ურთიერთობაში აღმოჩნდე. გირჩევდი, ნურავის დაელოდები და ინიციატორი თავად გახდი. ნუ მოერიდები გამოწვევებს და სითამამე შეინარჩუნე, მაგრამ ყველა ბოთესაც ნუ შეიყვარებ. 

 

მორიელი 

 

23 მარტს ახალი საქმის წამოწყებას ნუ იჩქარებ. დაელოდე 24-ს. 23 მარტს ვენერას, სატურნისა და მარსის სასიკეთო ასპექტები მხოლოდ ლომისკენ იქნება მიმართული, მორიელებს კი ლოდინი მოგიწევთ. უმჯობესია, ყოველდღიური საქმეებით დაკავდეთ და დიდი გეგმების განხორციალება მომავლისთვის გადადოთ. არაუშავს! ამდენი ხანია იბერიის გაბრწყინებას ველოდებით და მორიელები ერთ დღეს როგორ ვერ დაიცდით. 

 

მშვილდოსანი

 

2022 წელს მშვილდოსნები მეტად დამოუკიდებლები და ძლიერები გახდებით. კარიერული წინსვლა გარდაუვალია. თუ საჯარო სამსახურში ხარ დასაქმებული, მაშინ ლომი განსაკუთრებულად დაგეხმარება ამავე სექტორში ნაცნობის პოვნასა ან ფინანსური სარგებლის გაცემაში. ხელშეწყობის გარეშე აქაც არაფერი გამოვა. მშვილდოსნებმაც უტიფრად უნდა ეძებოთ ნაცნობები ან ფინანსები… 

 

თხის რქა

 

ვეფხვს თხები, ქაჯები და ჯიხვები არ უყვარს. ბევრი უნდა ეცადო მისი გულის მოგებას. მოგეხსენება, თხის რქის მმართველი პლანეტა სატურნია, იგი დიდ ბრძოლას გააჩაღებს ვეფხვთან და შესაძლოა, ნოემბერში სიტუაცია გამოსწორდეს, სალომე ზურაბიშვილმა კი მათი შერიგებაც თავად იტვირთოს. 

 

მერწყული

 

მერწყულებისთვის გაზაფხული წლის განსაკუთრებულად რთული მონაკვეთი იქნება. ჯანმრთელობას განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდე. მერწყულის მმართველი პლანეტა ურანი ომიკრონის წინააღმდეგ არაა ეფექტური, ამიტომ ასტროლოგიური კალენდარი ფრთხილად ყოფნას გირჩევს, ისედაც ვერაა საწოლფონდის საქმე კარგად. 

 

თევზები

 

თევზებისათვის სიახლის წელი იქნება. კარიერული წინსვლა, წარმატება სასიყვარულო ურთიერთობებში, ჯანმრთელობა… კატისებრთა ცხოველებს, განსაკუთრებით ვეფხვს თევზები ძალიან უყვარს და წელს ბევრ საჩუქარს გაგიკეთებს. მაგრამ საჩუქრების მოლოდინში მთელ წელს ნუ გალევ, ცოტა შენც მიდექი-მოდექი. 

 

თუ აქამდე კითხვა არ შეგიწყვეტია, რაღაც რიგზე ვერაა. წინათ რომ ვუჯერებდით ჰოროსკოპს ხო მაგიტომ გვქონდა ფანტასტიური წელიწადი... შენც ჩემსავით უიმედობა შემოგპარვია და ხსნას ჰოროსკოპის კითხვაში ეძებ. მგონი, არ ვარგა ეს ამბავი ;)