OMG

რა ჯდება საახალწლო სუფრა?

22 დეკემბერი 2021

სუფრები, რომლებზეც არაფერი დევს

ახალი წელი მოდის.

ნაძვის ხე მორთულია.

ქუჩები განათებული.

მაგრამ ნუთუ ყველას ეახალწლება?

საახალწლო სუფრებზე ბევრ რამეს მოკრავთ თვალს. გოჭს, ქათამს, საცივს, გოზინაყს, ხაჭაპურს, თავჩარგულ ხელს, ნაშიმშილარ მზერას, სიცივისგან ერთმანეთზე გადახლართულ ბავშვის ხელებს და ფიქრებს არსებობაზე.

ამ ბლოგში ვერ იპოვი საახალწლო სუფრის ინსპირაციებს, იუთუბის ლინკებს საახალწლო სუფრის გაწყობის ტუტორიალებით ან საბჭოური ოლივიეს განახლებულ რეცეფტებს.

აქ იპოვი სუფრებს, რომლებზეც შეიძლება ახალ წელს არც არაფერი იდოს. სუფრებს, რომლებზეც ხელს ჩამოდებენ, თავს ჩარგავენ და სხვალინდელი დღის გადაგორების ტკივილს მიეცემიან, რადგან  პურს  ვერ იყიდიან, გაზის ფულს ვერ გადაიხდიან, შვილებს თბილ ფეხსაცმელს ვერ ჩააცმევენ, ზამთრის ცივ დილას რიგში ჩადგებიან, სახელმწიფოსგან გადმოგდებულ 1.30 ლარად შეფასებულ ლუკმას დაელოდებიან და  მაქსიმუმ 60 ლარს  მთელი თვე იმყოფინებენ.

ახალი წელი ყველასთვის დგება თუ ზოგისთვის უბრალოდ კიდევ ერთწლიანი სიღარიბის დასასრულის დასაწყისია?



სიღარიბე რიცხვებში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ოქტომბერში  განაცხადა ეკონომიკის მაღალი ზრდა დაფიქსირდა და ასე გაგრძელდებაო, მაგრამ მიუხედავად “ეკონომიკური აღმავლობისა”, ეროვნული ბანკის დირექტორმა კობა გვენეტაძემ გაგვაფრთხილა  შემდგომ თვეებში ინფლაცია დროებით გაიზრდებაო.

არ ვიცი დროებით რამდენია, მაგრამ ფაქტია  საქსტატის 2021 წლის ნოემბრის მონაცემებით წლიური ინფლაციის დონემ 12.5 პროცენტი შეადგინა.

4.4 %-ით გაძვირდა რძე, ყველი, კვერცხი

1.5 %-ით გაძვირდა პური

1.3 % -ით გაძვირდა ყავა და ჩაი

0.9 % -ით გაძირდა შაქარი და სხვა ტკბილეული

ინფლაციისა და ფასების ზრდას, რომ თავი დავანებოთ საქსტატის 2020 წლის მონაცემებით 69 ათასზე მეტი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდა და 40 000-ზე მეტი ადამიანი უფასო სასადილოებით კვებავს ოჯახს,



რა ჯდება საახალწლო სუფრა?

ჩვენს პოლიტიკოსებს ალბათ ბევრი დაუჯდებათ, მაგრამ ზოგს ალბათ არც არაფერი.