ფართოდ გახელილი თვალები

19 მაისი 2020

 

გუგლში ჩავწერე eyes და თურმე, ადამიანები ხშირად კითხულობენ what are the eyes?-ო. ჰო, ცოტა გამიკვირდა, რას ნიშნავს, თვალები რა არის? ერთი 20 წამი დავფიქრდი და სიმართლე რომ ვთქვა, რა არის თვალები ვერ მოვიფიქრე. ვიღაცები ამბობენ თვალები სულის სარკეაო, ვიღაცები ამბობენ თვალი მხედველობის ორგანოაო, ვიღაცები უბრალოდ იტყვიან გააჩნია თვალებსო. მე კიდევ თვალწინ წარმომიდგა ჩადრიანი ქალი, რომელსაც მარტო თვალები უჩანს და ვიფიქრე, რომ თვალები ემოციების გამოხატვის ერთ-ერთი და ზოგისთვის ერთადერთი საშუალებაა. ჰო, გამოდის, რომ მოგატყუეთ და 20 წამის მაგივრად, სადღაც 40 წამი დავხარჯე ამაზე ფიქრში, მაგრამ ამ სტატიის განმავლობაში სავარაუდოდ თვალებზე ფიქრი უფრო დიდ ხანს მომიწევს. 

დავგუგლე საერთოდ რამდენი თვალი არსებობს სამყაროში თქო, გუგლმა პასუხი არ გამცა და რომ დავფიქრდი, მივხვდი - თვალები მხოლოდ ადამიანებს არ გვაქ. არსებობენ ლამაზთვალება ობობები, თუთიყუშები, ლომები, არწივები და სავარაუდოდ მათი დათვლა შეუძლებელიც კი იქნება. ამიტომ, გუგლს ვაპატიებ და დღეს მხოლოდ ადამიანის თვალებზე ვკონცენტრირდები. 

სამყაროში 7.8 მილიარდი ადამიანია, რაც უხეშად რომ დავთვალოთ 15.6 მილიარდი თვალის არსებობას უდრის. ჩემი მეგობარი თვალებს უღებდა ფოტოებს. ვისაც დაინახავდა ყველას უღებდა და მერე ამუშავებდა. ფაქტობრივად შეპყრობილი იყო თვალების ფოტოებით. ალბათ თქვენც დამეთანხმებით, რომ კარგი ფოტოები გამოუვიდა, მაგრამ სამწუხაროდ ერთ დღესაც მოუწია თვალებისთვის ფოტოების გადაღება შეეწყვიტა, ნუ, რა თქმა უნდა, პანდემიის გამო. ზაქარიას ცოტა ვესაუბრე, რაღაც კითხვები დავუსვი და ახლა გიზიარებთ. 

 

ზაქარია, რა გახდა შენი ინსპირაციის წყარო? რატომ მაინცდამაინც თვალები?

 

ნებისმიერ იდეას გააჩნია ინსპირაციის წყარო, ჩემს შემთხვევაში ეს იყო კინომოყვარულებისთვის უკვე კარგად ცნობილი ფილმი, რომელიც სრულიად შემთხვევით ვნახე ტელევიზორში დაახლოებით 5 წლის წინ. ალბათ მიხვდებოდი, რომ - “I origins-ზე” ანუ „მე - დასაწყისზე“ მაქვს საუბარი. ეს არა მხოლოდ ძალიან მაგარი ფილმი, არამედ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იდეის - თვალების მაკროფოტოგრაფიის, შთაგონებაც აღმოჩნდა. იან გრეივით მეც აღფრთოვანებული ვარ თვალებით, მეც გამალებით ვეძებ ლამაზთვალება ხალხს და ვაგროვებ მათ სამყაროებს. 

 

 

ასე უბრალოდ კამერა თვალთან მიგაქვს და უღებ?

 

იან გრეისგან განსხვავებით, მე საკუთარ ტექნიკას მივაგენი, რაც მარტივად რომ ვთქვათ, ლინზის „რევერსის“ (შემოტრიალების) ტექნიკაა, რომელიც საშუალებას მაძლევს თვალის მკაფიო, მაკრო გამოსახულება მივიღო. თუმცაღა, ეგეც არ არის საკმარისი. რამდენიმე ფაქტორის გამო - ფოკუსირება რთულია, ზოგჯერ თვალის მხოლოდ ნაწილს ვიღებ მკაფიოდ, ზოგჯერ „მოდელიც“ ჭირვეული მხვდება და შესაბამისად ამ ყველაფერს პროფესიონალური დამუშავება სჭირდება. რა დასამალია, რომ ფოტოშოპი დღეს ყველაფერში დიდ როლს თამაშობს. სამაგიეროდ, შედეგს ნამდვილად კოსმიურს ვიღებ.

 

როგორც ვიცი, რაღაც პროექტში იღებდი მონაწილეობას ამ იდეით, რა პროექტია?

 

ჰაბის დონეზე განხორციელებული იდეით, არც მეტი, არც ნაკლები, “National Geographic“-ი დაინტერესდა და შემომთავაზეს მათ და სილქნეტის ერთობლივ პროექტში მონაწილეობა, რომელსაც „მომავლის მუზეუმი“ ერქვა. 

 

როგორ გიპოვეს? პროექტზეც რომ ცოტა მეტი გვიამბო.

 

Facebook- ის „სქროლვისას" შემთხვევით თვალის სურათს წავაწყდი, რომელიც „ფოტოგრაფიის მოყვარულთა კლუბის„ ჯგუფში იდო. ვიფიქრე ჩემ რამდენიმე ფოტოს ავტვირთავდი მაინტერესებდა ხალხს რა რეაქცია ექნებოდათ. დაახლოებით ნახევარ საათში კი „მომავლის მუზეუმი" ივენთის ერთ-ერთი ორგანიზატორი დამიკავშირდა და შემომთავაზა პროექტში მონაწილეობა, რასაც სიხარულით დავთანხმდი. პროექტის განმავლობაში სტუმრების „მიკროსამყაროები“ უნდა დამეფიქსირებინა, რაც მოიცავდა ნებისმიერი მსურველის თვალის გადაღებას, ადგილზევე დამუშავებას და დაბეჭდვას. მაგრამ როდესაც ამ პროექტამდე სულ ერთი დღეღა იყო დარჩენილი, ვირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და პროექტიც განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. ვინ იცის, კიდევ რამდენ მშვენიერ თვალს გადავიღებდი და რამდენ ადამიანს დავანახებდი, თუ რაოდენ დიდ სილამაზეს დაატარებენ, თან ისე, რომ ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ აქვთ.

 

შენი ფოტოები მართლაც ძალიან ლამაზია და დამაინტერესა რითი იღებ? ტელეფონით, კამერით თუ ფირით?

 

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ამ პატარა კოსმოსების გადასაღებად, არც თუ ისე ძვირადღირებული ტექნიკაა საჭირო. ჩემს შემთხვევაში canon 60D და 28mm „ქაფქეის“ ლინზაც სრულიად საკმარისია (შემოტრიალებულ მდგომარეობაში). 

 

რა რჩევებს მისცემდი დამწყებ ადამიანებს?

 

დასაწყისისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ლინზა. მაგალითად, 18-55mm, რომელიც ყველა აპარატს მოჰყვება და ნაკრების ლინზაა. საქმის გასამარტივებლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ „რევერს“ გადამყვანი წრე, ან დაიხმაროთ მაკრო წრეები. ფოტოგრაფიაში ზოგადად და, განსაკუთრებით, მაკრო ფოტოგრაფიაში, მნიშვნელოვანი კომპონენტია განათება. უმეტეს შემთხვევაში, დაგჭირდებათ ფლეშის გამოყენება, რათა, საბოლოოდ, მკაფიო და განათებული სურათი მიიღოთ. 

 

მაკროფოტოგრაფიის გარდა, კიდევ რამით ჰომ არ ხარ დაინტერესებული ფოტოგრაფიაში? 

 

ამჟამად, გარდა მაკრო ფოოგრაფიისა გამიტაცა ფირის ფოტოგრაფიამაც, რომელიც არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა. ფირის ფოტოგრაფია თითოეული კადრის დაფასებას გასწავლის, რადგან, ძალიანაც რომ მოინდომო, ერთ ფირზე 36-38 კადრზე მეტ ფოტოს ვერ დაატევ. გარდა ამისა, ცალკე ჯადოქრობაა ფირის გამჟღავნება და იმ კადრების ნახვა, რომლების ნახვის საშუალებაც, გადაღებისთანავე არ გაქვს. ალბათ, ნებისმიერი ფირის ფოტოგრაფი დამეთანხმება იმაში, რომ არცერთ dslr აპარატს არ აქვს იმის შესაძლებლობა, გადმოსცეს ის ემოცია, ის მომენტი და ის კადრი ისე მკაფიოდ, როგორც ეს ფირის აპარატს და ფირს შეუძლია. 

ძალიან დიდი მადლობა ზაქარია, წარმატებებს გისურვებ ფირის ფოტოგრაფიაში და იმედი მაქვს „მომავლის მუზეუმიც“ მალე იქნება. 

 

 


ეს პატარა ინტერვიუ და თან დართული თვალები, მგონი საკმარისია იმის გასაგებად, თუ რისი გაკეთება შეუძლია ადამიანს, რომელსაც უყვარს ის რასაც აკეთებს. 

და თქვენ რას ფიქრობთ? რა არის თვალები?