WTF

ნაცების ბრალია!

30 ივლისი 2021

 

წინ სრული დიქტატურისკენ! - მიიწერა ბიძინამ 27 ივლისს, საღამოს 9 საათსა და 59 წუთზე ქოცების საერთო ჩატში, გადაიფარა საბანი და დაიძინა ტკბილად. 


 

ჰოდა, 28 ივლისს, მმართველმა პარტიამ ისევ გადაგვაგდო და ისევ ნაცებს დააბრალა ეს გადაგდება. ისევ გადაგვაგდო მეთქი რომ ვიძახი, შენ, ჩემო მკითხველო, შეიძლება არც იცოდე წინა გადაგდებების შესახებ, მაგრამ დამიჯერე, რომ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაგდებაა, რაც კი მომხდარა უახლოეს ისტორიაში. 

 

იმუშავეს რამდენიმე თვე, ხან იჩხუბეს, ხან გაიბუტნენ, ხან ჩვენ პრინციპულები ვართო, ხან ჩვენ უეჭველი ვაწერთ ხელსო და ბოლოს ადგნენ და წავედით ჩვენო, აღარ გვაინტერესებსო და ნუ, რა თქმა უნდა, ჩვენი ბრალი კი არაა, ნაცების ბრალიაო


 

საზოგადოება შოკშია. შარლ მიშელმა კონსულტაციებს გავივლი და დაგიბრუნდებითო, ამერიკამ ძალზედ შეწუხებულები და გაბრაზებულები ვართო, გერმანელმა ვიოლამ გზაში ვარ, ჩამოვდივარო, სენატორმა რიშმა ქართულ ოცნებას მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებსო. კიდევ სხვა უამრავი საერთაშორისო პარტნიორია, რომელმაც ამ თემაზე ქართული ოცნება გააკრიტიკა. 


 

სენატორებმა ქართველები უკეთესს იმსახურებთო. ვიმსახურებთ, კი, ნამდვილად ვიმსახურებთ, მაგრამ „ქართული ოცნების“ ვირეშმაკობა ხშირად გვაბნევს. აქვე აღვნიშნავ, რომ ისრები ძირითადად მმართველი პარტიისკენ არის მიმართული. იმასაც ვიტყვი რომ სუსტი ოპოზიციაც გვყავს, მაგრამ რა გვინდა რომ ვქნათ? 


 

აგერ, ამ სამყაროში ყველაფერი ისე სწრაფად ხდება, რომ სანამ 1 აბზაცი დავწერე, შარლ მიშელი ახალი შემართებით დაბრუნდა. აბა ახლა, შეთანხმებაზე იზრუნეთ და ყველაფერი იქნებაო, რასქვია ქართული ოცნება გავიდაო, ააჰაჰაჰაჰა-ო. 


 

მოკლედ, ხალხის ნაწილში ნიჰილიზმმა გაიბატონა, ხოლო ნაწილმა აგერ მომავალი გამარჯვების სუნი იგრძნო. საზოგადოების ნაწილი დავრწმუნდით იმაში, რომ ქართული ოცნება შეშინებულია. შეშინებული კი რაღაც კონკრეტული არგუმენტით, რომელსაც კვლევა ჰქვია. 43%-ს ავიღებთო, აბა რას ვიზამთ, „დაჟე“ 53%-საც მოვარტყამთ და ზემოდან კიდე „კეთილ ნებას“ გამოვიჩენთო. ოღონდ თან აქ მთავარი ამბავი არ უნდა გამოგვრჩეს, „კეთილ ნებას“ რომ გამოიჩენენ, 2024-მდე სრულიად პროპორციული არჩევნები მაინც არ ჩატარდება. აი ის სრულიად პრორორციული არჩევნები, რომლისთვისაც 93 დღე ვიბრძოდით. 


 

მთელი დღის განმავლობაში ქართულ პოლიტიკურ სივრცეში უამრავი შეხვედრა გაიმართა. აქეთ შარლ მიშელი, ვიოლა ფონ კრამონი და ჟიგიმანტას პავილიონისი მართავენ შეხვედრებს და იქეთ გია ვოლსკი „ღადაობს“: ჩვენც შეშფოთებულები ვართო. 


 

ჰო, ნუ, მოდით ფაქტს თვალი გავუსწოროთ და ვაღიაროთ: რუსეთისკენ მივექანებით. მართლა. კი არ მივდივართ, აი მივექანებით. 


 

რატომ უნდა ვიყოთ განწყობილი ოპტიმისტურად?


 

პირველ რიგში, ოპტიმისტურად განწყობილები თუ ვიქნებით, უფრო დიდი შანსი გვექნება, რომ მოვიგოთ. პესიმიზმი და ნიჰილიზმი არას გვარგებს, მით უმეტეს ქვეყნის ისტორიის ასეთ ეტაპზე. „ქართული ოცნება“ დიდი ხანია პრორუსულ პოლიტიკას ახორციელებს, თუმცა, ბოლო პერიოდის განმავლობაში მომხდარი მოვლენებისა და 28 ივლისის შეთანხმების ანულირების გათვალისწინებით, ისინი all in პრინციპით აგრძელებენ მუშაობას. 


 

9 წუთიან ბრიფინგში ირაკლი კობახიძემ მინიმუმ 10 ტყუილი თქვა. ოცნება აქამდეც არღვევდა შეთანხმებას. მაგალითად ცესკოს თავჯდომარისა და უზენაესი მოსამართლეების არჩევის საკითხებზე. ამ 9 წუთის განმავლობაში დაძაბული სახეები და გარემოც შესამჩნევი იყო. მათი ყურებისას არც ისე რთული მისახვედრი იყო ის, რომ შეეშინდათ. ქართული ოცნების ხელისუფლებას თავისი სისუსტე ასე საჯაროდ აქამდე მგონი არც დაუფიქსირებია. 


 

მათ ამ შეთანხმების დარღვევით ზურგი შეაქციეს დასავლეთს და სტრატეგიულ პარტნიორებს, ხოლო რუსეთს ასიამოვნეს. ამას ისიც მოწმობს, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან ფრენების აღდგენის საკითხზე საუბრის დასაწყებად. კი, არ გეჩვენებათ, კარასინმა თქვა და ოცნების დეპუტატმა, ზარქუამ ამაში პრობლემა ვერ დაინახა. 


 

მოდი ვოლსკის არ ჩამოვრჩებიო და იონათამიშვილმა მეც ვიტყვი რამე მავნებლურსო და ჩვენს კარგ მეგობარს, ჟიგიმანტას პავილიონისს, უკბინა. ბოლო დროს, იონათამიშვილი, საგარეო პოლიტიკითა და საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებულა. ცოტა ხნის წინ მან ამერიკის ყოფილ ელჩს ჩვენს საქმეებში ჩარევისგან და კომენტარების გაკეთებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. ჰო, ნამეტანი მავნებელი და არაპროფესიონალი ადამიანია ბატონი რატი. 


 

ნელ-ნელა ოპოზიციის წარმომადგენელი დეპუტატები გაიკრიფნენ პარლამენტიდან. იმედია შეხვედრებზე გადაინაცვლებენ და დროულად დასახავენ გეგმას, რომელიც ქართულ ოცნებას მოგვაშორებს. ცხადია ეს მხოლოდ ოპოზიციის საქმე არ არის. სამოქალაქო საზოგადოებამ, თითოეულმა მოქალაქემ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ „ოცნების“ ხანა დასასრულებელია, თანაც სასწრაფოდ. 


 

კარგად უნდა გავიაზროთ და დავიჯეროთ ყველამ, რომ „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი პოლიტიკური განცხადებები და ნაბიჯები ისტერიკაში მყოფი ადამიანისას ჰგავს. 


 

ისინი ვერ იღებენ 43%-ს. იმ მეთოდებითაც კი, რაც 2020 წელს გამოიყენეს. 


 

ქვეყანაში მძლავრი საპროტესტო ტალღაა აგორებული. მხოლოდ ერთი დღე ჩავრთე საინფორმაციო და საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში ვიღაცა რაღაცას აუცილებლად აპროტესტებს. ახლა იფიქრებთ 10 კაციანი პროტესტი რა პროტესტიაო, მაგრამ წარმოიდგინეთ, 100 სოფელში რომ 10 კაციანი პროტესტი იყოს. მერე მაგას დაუმატეთ რიონის ხეობის მცველების პროტესტი, შემდეგ პოლიტიკური პროტესტები, შემდეგ მედიის პროტესტი, შემდეგ ჭიათურის პროტესტი, მწერლების პროტესტი და რას ხედავთ? მე უკმაყოფილო საზოგადოებას ვხედავ.  


 

კოვიდი და კოვიდ რეგულაციები

 

ყველაზე დიდი უკმაყოფილება ალბათ კოვიდმა მოგვიტანა. ოღონდ თვითონ კონკრეტულმა ვირუსმა კი არა, პანდემიის არასწორად მართვამ. ეს ჩვენი ვითომ მუშკეტერები გამოდგებიან და იძახიან, რომ ჩვენი ბრალია. შარშან ჩვენი ბრალი იყო დღეში 15 შემთხვევაზე რომ ჩაგვკეტეს და ახლაც ჩვენი ბრალია 3600+ შემთხვევაზე რომ ვეღარ გვკეტავენ. ვეღარ რა, გადაივლის არჩევნები და უეჭველი ჩაგვკეტავენ, თქვენ არ ინერვიულოთ.


 

არა, იმას წამითაც არ ვიძახი, რომ უნდა ჩაგვკეტონ. პირიქით, უნდა გაგვხსნან და რაც შეიძლება დიდი დოზით, მაგრამ ახლა რომც გაგვხსნან ვინღა ჩამოვა ჩვენთან? ვის რა ჯანდაბად ვუნდივართ? არასტაბილური პოლიტიკური გარემო არც ინვესტორს უნდა და არც ტურისტს. აგერ 5 ივლისს კინაღამ ტურისტიც შეეწირა. 


 

რაც არ უნდა იყოს, „მიშელის დოკუმენტმა“ თავისი საქმე გააკეთა. თუ კიდევ არსებობდა ვინმე, ვისაც ეჭვი ეპარებოდა, რომ ეს რეჟიმი სრული ავტორიტარიზმისკენ არ მიემართება, არგუმენტები ამოეწურათ. ამას მოწმობს ყველა ის განცხადებაც, რომელიც ზემოთ დაგილინკეთ და წამოიდგინეთ კიდევ რამდენი არ დამილინკავს...


 

ოცნების ერთადერთი იარაღი ახლა ისაა, რომ ხალხი არ მივიდეს არჩევნებზე. ამაზე მუშაობა უკვე დაიწყეს. 


 

5 ივლისს ნორმად აქციეს ჟურნალისტებზე ძალადობა. მას შემდეგ ქართული ოცნების წევრები ჟურნალისტებს თავად ეძახიან მოძალადეებს, ართმევენ მიკროფონებს, არ პატიჟებენ ღონისძიებებზე, რომლებსაც გაშუქება სჭირდება და არ პასუხობენ მათ არცერთ კითხვას. ნუ, თუ პასუხობენ სარკაზმითა და დაცინვით მხოლოდ. ჰო, არ გეჩვენებათ, საჯარო მოხელეები აკეთებენ ამას. ის საჯარო მოხელეები, ჩვენ რომ ვუხდით ფულს.


 

ნიჰილისტური მესიჯბოქსით მოძრაობენ ტროლ/ბოტები და აღვივებენ ფრუსტრაციას. ამათმა კიდევ გადაგვაგდეს და მერეც გადაგვაგდებენო. კიიიი, გადაგვაგდეს და კიდევ შეეცდებიან გადაგდებას, მარა რას მთავაზობ? პარლამენტში შევვარდეთ და ისე გავუშვათ ხელისუფლებიდან? არა, მოდი არჩევნებს მივაწვეთ ისევ და დავიცვათ, რომ ვერ გაგვიყალბონ. 


 

ჰო, ქართულ ოცნებას ეპიდვითარების დამძიმებაც აწყობს, რომ ბახ და არჩევნების შემდეგ ეგრევე ჩაგვკეტოს. გგონიათ რომ ამას არჩევნებამდე ვერ გამოიყენებენ? ხალხი იმდენად უნდა დააშინონ, რომ სახლიდან არჩევნების გამოც არ გამოვიდნენ. ვაი რომ გამოვა ხალხი, გამოვა და აუცილებლად მოუწევს ქართულ ოცნებას „დარჩნენ სახლში“.


 

ჯამში რა გამოდის? ქართული ოცნება წააგებს თუ ჩვენ ყველანი არჩევნებზე გავალთ. ყველა ვინც უიმედობას ასხივებს ივანიშვილის საქმეს აკეთებს. უიმედობის დასხივებით თქვენ შეიძლება ვიღაც ადამიანს გადააფიქრებინოთ არჩევნებზე წასვლა, არადა როგორი მნიშვნელოვანია?!


 

ჰოდა ხალხო, წავიდეთ არჩევნებზე, მოვხაზოთ ოპოზიციური პარტიები, დავიცვათ საარჩევნო უბნები და გავაცილოთ პოლიტიკიდან ავტორიტარიზმის მომხრენი. ჩვენი გასაკეთებელია, საერთაშორისო პარტნიორები ამას ჩვენ მაგივრად ვერ გააკეთებენ!