კრუგერის ეფექტი

22 ივნისი 2021

„რაც ნაკლები ვიცით, მით უფრო ჭკვიანები ვართ“ - დანინგ-კრუგერის ეფექტი


ჩარლზ დარვინის თქმით „უმეცრება უფრო ხშირად წარმოშობს თავდაჯერებულობას, ვიდრე განათლებულობა“. ბრიტანელი ფილოსოფოსის, ბერტრან რასელის თქმით „ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა ისაა, რომ სულელები ზედმეტად თავდაჯერებულები არიან, ხოლო ისინი, ვისაც წარმოსახვისა და გაგების უნარი აქვთ, ეჭვითა და გაუბედაობით არიან სავსე”. ამ ფენომენს თავის ერთ-ერთ პიესაში შექსპირიც ეხება, მისი თქმით - „სულელი ფიქრობს რომ ბრძენია, მაგრამ ბრძენმა კარგად იცის საკუთარ თავზე, რომ სულელია“.


ალბათ ყველა ჩვენგანი შეხვედრია ადამიანს, რომელსაც გაზვიადებული თვითშეფასება აქვს საკუთარ თავზე. განსხვავებული ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა ადამიანი სხვადასხვა საქმეშია გაწაფული, მაგრამ მაინც სჩვევია სხვადასხვა თემაზე ძალიან თავდაჯერებით მიდებ-მოდება და ისეთ საკითხზე საუბარი, რაზეც წარმოდგენაც კი არ აქვს. ზოგ შემთხვევაში ასეთი ადამიანები გამაღიზიანებლებიც კი არიან. ფსიქოლოგებმა დევიდ დანინგმა და ჯასტინ კრუგერმა შეისწავლეს ეს ტენდეცია და მოძებნეს გარკვეული ახსნა, რომელიც ცნობილია როგორც დანინგ-კრუგერის ეფექტი. 


დანინგმა და კრუგერმა ჩამოაყალიბეს ჰიპოთეზა. ჰიპოთეზის თანახმად, არაკომპეტენტური და არაკვალიფიციური ადამიანები განიცდიან მოჩვენებით უპირატესობას სხვების მიმართ და ჰგონიათ, რომ ამა თუ იმ საკითხში სიღრმისეული ცოდნა აქვთ. ამ კატეგორიის ინდივიდების მახასიათებელი ტენდენციაა საკუთარ უნარებზე გადაჭარბებული წარმოდგენის ქონა, სხვისი ჭეშმარიტი უნარების არ აღიარება, საკუთარი ქცევისა და მსჯელობის არაადეკვატურობის ვერ შემჩნევა, საკუთარი უცოდინრობის არ აღიარება.  


დევინ დანინგმა და ჯასტინ კრუგერმა ექსპერიმენტი კორნელის უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით ჩაატარეს. მათი მიზანი  სტუდენტების უნარებისა და თვითშეფასების შესწავლა იყო. მათ სტუდენტებს ჯერ ტესტები დააწერინეს, ხოლო შემდეგ თავიანთი შედეგების წინასწარი შეფასება მოსთხოვეს. სტუდენტებს საკუთარი შესაძლებლობები ამ სამი კრიტერიუმებით უნდა შეეფასებინათ: 1. სტუდენტთა რამდენ პროცენტს აჯობებდნენ; 2. თანაკურსელებთან შედარებით, პროცენტულად, რამდენად მეტ შეკითხვას უპასუხებდნენ და 3. რამდენ შეკითხვას უპასუხებდნენ სწორად. 


კვლევამ აჩვენა, რომ სტუდენტთა თვითშეფასება და რეალური შედეგები საგრძნობლად განსხვავებული იყო. იმ სტუდენტებმა, რომლებიც პროგნოზირებდნენ, რომ ტესტში მაღალი შედეგები ექნებოდათ და ეგონათ, რომ კარგი ცოდნა ჰქონდათ, დაბალი შედეგები აჩვენეს.  ხოლო,  სტუდეტებს, რომლებმაც საბოლოოდ კარგი შედეგი აჩვენეს, ეჭვი ეპარებოდათ თავიანთ ცოდნაში და დაბალ ქულას ელოდნენ. 


ექსპერიმენტმა ფსიქოლოგთა პროგნოზი გაამართლა და აღმოჩნდა, რომ არაკომპეტენტური ადამიანები ბევრად უფრო თავდაჯერებულები იყვნენ თავიანთ ცოდნასა და უნარებში, ვიდრე ისინი, ვინც ყველაზე მაღალი შედეგები დადო. ნაკლები უნარ-ჩვევების მქონე ადამიანებისთვის დამახასიათებელ ამ სინდრომს დანინგ-კრუგერის ეფექტი ეწოდება. 



მანამ სანამ რაიმე საკითხში სიღრმისეული ცოდნა გვექნება, გავდივართ სამ ეტაპს. პირველ ეტაპზე ჯერ საკითხთან დაკავშირებით არაფერი ვიცით. მეორე ეტაპზე არაფრის მცოდნეზე მეტი ვიცით და გვაქვს ბუნდოვანი წარმოდგენები, ხოლო მესამეზე უკვე პროფესიონალები და საკითხის ექსპერტები  ვართ. თავდაჯერებულობა პიკს პირველი ეტაპიდან მეორე ეტაპზე გადასვლისას აღწევს და სწორედ ამ დროს ვლინდება ყველაზე მკაფიოდ დანინგ-კრუგერის ეფექტი. 



რატომ ვხდებით ამ ეფექტის მსხვერპლი? იმიტომ, რომ არ ვიცით, რომ კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი. ადამიანები, რომლებიც არიან მესამე ეტაპზე და ზუსტი წარმოდგენა აქვთ საკითხზე, ხვდებიან, რომ კიდევ ბევრი რამ არ იციან. შესაბამისად, არც თავდაჯერებულნი არიან. 


რა შეიძლება მოვიმოქმედოთ დანინგ-კრუგერის ეფექტის დასაძლევად? ამ თემასთან დაკავშირებით გთავაზობთ TED-Ed - ის ვიდეოს.