
ეძღვნება მათ, ვის დაბადების დღეზეც არასდროს არავინ ყოფილა.
„ამომავალ მზეს, გახსოვდეს, ჩამავალი მზე სჯობია!“
თუკი ფორესტ გამპს დედა ეუბნებოდა, ცხოვრება შოკოლადის ყუთივითაა და არასდროს იცი რა შეგხვდებაო, დედაჩემს, მისგან განსხვავებით, არაფერი უთქვამს ისეთი, რაც წიგნის წანამძღვრად გამომადგებოდა. პირიქით, მისი მოწოდებები ზედმეტად ჩვეულებრივი იყო - ის, რაც ალბათ ყველა თქვენგანისთვის უთქვამთ ბავშვობაში. მაგალითად, ყველა რომ რიონში (თუ ფოთში არ გიცხოვრიათ, მაშინ მტკვარი იქნებოდა) გადახტეს, შენც თუ გადაჰყვებიო ან რაღაც მსგავსი. ალბათ დედის გუმანით გრძნობდა, რომ წიგნის დამწერი მე არ ვიყავი და ამიტომაც მისი დიდებული ნააზრევის უძეგლოდ დაკარგვას ისევ სიჩუმე ამჯობინა. როგორც ამბობენ, დუმილი ოქროა.
ახლა კი შემიძლია გაგიმხილოთ, რომ ეს პირველი აბზაცი არაფერ შუაში იყო იმასთან, რის დაწერასაც ნამდვილად ვაპირებ, უბრალოდ, ხომ იცით, როგორც ხდება ხოლმე, დაწერ რაღაცას, შეგიყვარდება, წერის პროცესშივე ხვდები, რომ არაფერში გამოგადგება, მაგრამ მაინც კბილებით იცავ. მოკლედ, იყოს, რას მიშავებს?!
ასტროლოგები ამბობენ, რომ ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი დაბადების დღის წინა დღეებია, არ ვიცი რა ხდება ცაში და ჩემს მერკურებში (ფრედიებში - არა), მაგრამ ვგრძნობ, რომ ეს ასეა. ახლა, როცა ამ სტრიქონებს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება და უფროდაუფრო უახლოვდება სამყარო ჩემს დაბადების დღეს. ჰიტ ლეჯერი ამბობდა, რომ დაბადების დღე ერთი წვიმიანი დღეა. ალბათ ნოემბერში დაიბადა. აგვისტოში დაბადებულებმა კი წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა მოვიმოქმედოთ, ჩვენ ვერასდროს ვიტყვით ისეთ ფრაზას, რომელსაც სამყარო აიტაცებს, რადგან, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მთელ სამყაროს აგვისტოში არ აქვს დაბადების დღე.
ოქტომბერში დაბადებულები მედიდურად გადმოგვხედავენ, რადგან კვირაც რომ მოსწეოდათ, მათ დაბადების დღეებზე აქტიურად იკრიბებოდა მთელი კლასი, იყო ერთი ჟივილ-ხივილი და საჩუქართა კორიანტელი. აპრილსა და მაისში დაბადებული ბავშვების დაბადების დღეებზე ყოველთვის კარგად ვერთობოდი, მაგრამ გულში ყოველთვის კაეშანი მელექებოდა. ვუყურებდი ამ ბავშვების მხიარულ სახეებს და ვხვდებოდი, რომ ჩემს დაბადების დღეზე ასე ვერასდროს გაერთობოდნენ, რადგან ხან მე ვიქნებოდი დასასვენებლად სოფელში, ხან კი ისინი გაიკრიფებოდნენ. მართალია, სულ ნაირნაირი ტკბილეულით იყო ჩემი დაბადების დღის სუფრა მორთულ-მოკაზმული, თუმცაღა, ჩემ მიერ ტორტის ჩაქრობას სულ რამდენიმე ოჯახის წევრი უთვალთვალებდა.
ჩემი ოჯახის წევრები მართლაც რომ დიდებული ადამიანები არიან, მაგრამ, აბა, ერთი ის რად ღირს, მთელი კლასის ანთებული თვალები მხოლოდ იმას რომ ელოდება, რამდენ ხანში ჩაიფიქრებ სურვილს.
აგერ უკვე რამდენიმე დღეში 21 წლისა მოვიყრები, სიმწრით შეკოწიწებული დეიოფებისა და შვებულებათა თვეში, რაც საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ სასოწარკვეთილი ვიყო.
ვიღაცებმა შესაძლოა იფიქროთ, რა დალხენილი ცხოვრება აქვს, იმაზე რომ ღელავს, მის დაბადების დღეზე არავინ მოდისო, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, წელიწადის სხვა თვეებში დაბადებულ ადამიანთა აზრი იქნება და მე ამაზე, რა თქმა უნდა, ყურადღებასაც არ გავამახვილებ. ვინც აგვისტოში არ დაბადებულა, ვერ მიმიხვდებიან თუ რა რთულია, როდესაც დაბადების დღე გაქვს, მასზე კი არავინ მოდის, შენ მიერ ტორტის ჩაქრობის ვიდეოს მისდღემჩი არავინ დადებს ინსტაგრამის სთორიზე.
(აქ „სექსი დიდ ქალაქში“-ს ერთ-ერთი სერიის სპოილერია) ერთხელ, მესამე სეზონში, ქერი ბრედშოუს 10 კაციანი მაგიდა ჰქონდა ლამაზ რესტორანში დაჯავშნილი და 10 ადამიანიდან მხოლოდ თვითონ მივიდა საკუთარ დაბადების დღეზე. სერიის ბოლომდე მეგონა, რომ აი ახლა შემოვარდებოდნენ მისი მეგობრები საყვირებით ხელში, მაგრამ იმედგაცრუებული დავრჩი. ალბათ მასაც აგვისტოში ჰქონდა დაბადების დღე, როდესაც მის მეგობრებს ყველა შემოქმედობითობა არდადეგების დაგეგმვაზე ჰქონდათ დახარჯული და მისთვის სიურპრიზის გაკეთების ენთუზიაზმი აღარ დარჩათ.
როგორც უკვე აღვნიშნე, შესაძლოა გაგიკვირდეთ ან განრისხდეთ იმაზე, რომ ასეთ წვრილმანებზე ვწუწუნებ, მაგრამ სწორედ ეს არის კრიზისი - როდესაც ისეთ უმნიშვნელო ფაქტსაც, როგორიც შენს დაბადების დღეზე ადამიანთა არყოფნაა, შეუძლია სამყარო თავზე ჩამოგაქციოს. განა, რას ვითხოვდი განსაკუთრებულს?! მე უბრალოდ და გულწრფელად მინდოდა ჩემს დაბადების დღეზე ვინმე მაინც ყოფილიყო.
ასტროლოგებს, ალბათ თავისი ახსნა აქვთ, რომ წლების წინ ამ პერიოდში, როცა ვარსკვლავები ზუსტად ისე იყვნენ განლაგებულნი, როგორც ახლა არიან, შენ დაბადებისთვის ემზადებოდი და წარმოდგენა არ გქონდა საით მიდიოდი, რა დაგხვდებოდა და როგორი იქნებოდა შენი შემდგომი ცხოვრება, ამიტომაც გეუფლება ახლაც, ამდენი წლის შემდეგ გაუცნობიერებული შიში და ძრწოლა.
მე კი უბრალოდ ასეთი ახსნა მაქვს, რომ აგვისტოში დაბადებულებს უბრალოდ საკუთარი დაბადების დღე გვახსენდება, კიდევ ერთი დღე, როდესაც ისევ მარტო ჩავაქრობთ სანთლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და არავინ გვკითხავს გულწრფელი ინტერესით, თუ რა ჩავიფიქრეთ.
ეს არის ძალიან დიდი სევდა და როცა წვიმს, ნალექი კი არ მოდის ციდან, არამედ აგვისტოში დაბადებული ბავშვების ცრემლები იღვენთება.
