OMG

კომპიუტერის ბრალია

26 იანვარი 2022

პირველი ონლაინ თამაში 1970 წლით თარიღდება. თუმცა თავდაპირველად ეს ციფრული ბედნიერება ყველასთვის არ იყო ხელმისაწვდომი. 2000-იან წლებში, როდესაც სერვერებისა და ინტერნეტის ღირებულება საგრძნობლად დაეცა, სწრაფი ინტერნეტი ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. აი, ჩვენთან შუქი რომ არ იყო მაშინ. წარმოგიდგენია ?

ჰოდა, ეს ჩვენი ონლაინ თამაშებიც უფრო გავრცელდა და განვითარდა. გაჩნდა multiplayer როლური თამაშები, შეიქმნა სუბკულტურა თავისი ჟარგონებითა და წესებით. მოკლედ Gaming კულტურა მაგრად მოიხოდა და დღემდე არ კარგავს აქტუალობას, პირიქით ადამიანები გულის ფანცქალით ელოდებიან თამაშების update - ებს, თამაშობენ, უყურებენ გარჩევებს და ჰობად კი არა პროფესიადაც კი იქცა Gamer-ობა.

დედაჩემი ჩემს ძმას იმდენად ხშირად ეუბნება “კომპიუტერის ბრალიაო” გადავწყვიტე დაბადების დღეზე მაისურზე ამოვუბეჭდო  საყვარელი ფრაზა.
ნუთუ, მართლა დროს გვაკარგინებს თუ რამე სასარგებლოსაც გვაძლევს ეკრანებთან გატარებული საათები?


თუ ამ ბლოგს Gamer შვილით დაღლილი მშობელი კითხულობს, წინასწარვე ვიტყვი, რომ არა, შენ წარმოიდგინე და ონლაინ თამაშებს თავისი ბენეფიტებიც აქვს.


აუმჯობესებს ხელის მოხერხებულობას

სიმართლე, რომ გითხრა არც მე ვიცოდი. თურმე, კონტროლზე დაფუძნებული თამაშები გადასარევი ყოფილა ჩვენი ხელებისთვის და ამის დასამტკიცებლად მოცლილმა ქირურგთა ჯგუფმა და მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ისინი ვინც ვიდეო თამაშებს თამაშობენ უფრო სწრაფად ასრულებდნენ ექსპერიმენტისთვის შერჩეულ პროცედურებს და 37%-ით ნაკლებ შეცდომას უშვებდნენ, ვიდრე ისინი ვისაც მაგრად არ აინტერესებდათ ეს შენი ონლაინ თამაშები.

ხელის მოხერხებულობა ისეთი ამბავია, კაცმა არ იცის რა დროს შეიძლება გამოგადგეს ;)


ზრდის ტვინის ნაცრისფერ ნივთიერებას

ბიოლოგია და ქიმია ჩემი ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა, მაგრამ თურმე რაღაც ნაცრისფერი ნივთიერება გვქონია ტვინში, რომელიც კუნთების კონტროლს, მოგონებების აღქმას და სივრცით ნავიგაციას უზრუნველყოფს. ჰოდა, ვიდეო თამაშების რეგულარულად თამაში ამ ნაცრისფერი ნივთიერების ზრდას იწვევს.


გასწავლის პრობლემის გადაჭრას

ბევრი ონლაინ თამაში კონკრეტული მისიის შესრულებაზე, თავსატეხის ამოხსნასა და სტრატეგიის დასახვაზეა, რაც რა თქმა უნდა გაჩვევს ფიქრს და პრობლემის უკეთესად გადაჭრის გზებსაც ნელ-ნელა ამუღამებ. ჰოდა, არამგონია ეგ მხოლოდ ციფრულ სამყაროში გამოგადგეს. რეალურ ცხოვრებაშიც კაი ბევრი სტრატეგია გვაქვს შესამუშავებელი ადამიანებს ;)


აუმჯობესებს სივრცით გარჩევადობას

გაგიკვირდება და ვიდეო თამაშებს შეუძლია გააუმჯობესოს შენი ხედვა და სივრცითი გარჩევადობა. ანუ, მარტივად რომ გითხრა შენი ტვინი ეჩვევა პატარა დეტალების აღქმას და ქაოსურ სივრცეშიც მარტივად შეგიძლია ობიექტების დანახვა.

კომპიუტერის ეკრანებთან ღამეები რომ არ უნდა ვათენოთ და თვალებსაც რომ უნდა მოვუფრთხილდეთ ეგ ჩემგან არ უნდა გესწავლებოდეს.


დადებითად მოქმედებს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

სხვა სიკეთეებთან ერთად, ვიდეო თამაშების დადებით მხარეებში გუნება-განწყობის ამაღლებაც შედის ვიდეო და გულის რითმის გაუმჯობესებასაც იწვევს, რაც სტრესის მოხსნის უებარი წამალი ყოფილა.
სწორედ ამ კავშირის გამო ვიდეო თამაშებს თერაპიისთვისაც გამოიყენებენ და ნუ გაგიკვირდება თუ იმასაც გეტყვი, რომ დეპრესიის, შფოთვის და სხვა ფსიქიკური პრობლემების მართვისთვის სხვადასხვა თამაშებიც არსებობს.

 

ჰოდა, gaming  კულტურაში თუ ხარ თავით ჩარგული ისიც უნდა იცოდე, რომ თბილისში თამაშების შექმნის მსოფლიოს უუუუდიდესი ჰაკათონი Global Game Jam ტარდება. წარმოიდგინე გუნდს რომ ქმნი და ციფრულ ან არაციფრულ თამაშს რომ ქმნი. თან ჰაკათონი პარალელურ რეჟიმში 100-ზე მეტ ქვეყანაში 600-ზე მეტ ლოკაციაზე გაიმართება.

მოკლედ არგასამაზი ამბავია ;)