
მესამე დღეა სტუდენტები პირველი კორპუსის 109-ე აუდიტორიას არ ტოვებენ. აუდიტორიის გარეთ მინიშნებაა, რომ იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამჟამინდელ რექტორს ეკუთვნის.
სტუდენტური პროტესტი არც ახლა და არც ამ ფორმით არ დაწყებულა.
სანამ საპროტესტო აქციები დაიწყებოდა, სტუდენტებმა კანცელარიაში გაგზავნეს 2000-ზე მეტი პრობლემური სტუდენტის ხელმოწერა. რექტორსაც შეხვდნენ, თუმცა ერთადერთი რაც მისგან მოისმინეს - გისმენდით და პირბადის მიღმა მეღიმებოდა - იყო.
საპროტესტო აქციები რამდენიმე ძირითადი მოთხოვნით დაიწყო: სემესტრის დასრულება სწავლების ჰიბრიდული მეთოდით; გამოცდების ონლაინ ჩატარება; ღირსეული სტუდენტური საცხოვრებელი; ფინანსური გამჭვირვალობა.
ანო ზაქარაძე, საპროტესტო აქციების ორგანიზატორი: სხვათა შორის, ახლახანს, ჩვენი მოთხოვნების სიას რექტორის გადადგომაც დაემატა.
სტუდენტური საპროტესტო აქციების შემდგომ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, რამდენიმე საგნის დამატებითი ლექცია ტარდება ონლაინ ფორმატით. თუმცა საგნების ჩამონათვალი ძალიან მცირეა. დაამატეს საგამოცდო ცენტრები ქუთაისსა და ახალციხეში, სადაც მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა ასევე ძალიან მცირეა. სტუდენტური საცხოვრებლები კი 1 თვით უფასოდ შესთავაზეს სტუდენტებს. თუმცა, რექტორის ბოლო სატელევიზიო ინტერვიუს მიხედვით, 2 სტუდენტური საცხოვრებელი მხოლოდ 60 სტუდენტის მიღებასღა შეძლებს. პრობლემა კი ათასობით მათგანის წინაშე დგას. თანაც უნივერსიტეტის ერთ-ერთ სტუდენტურ საცხოვრებელში აუტანელი პირობებია. იმდენად ცუდი, რომ რეაბილიტაციასაც კი არ ექვემდებარება.
ანანო შოშიაშვილი, სტუდენტი: ადმინისტრაციის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები არის მცდელობა, რომ ჩვენი უნივერიტეტის გარეთ მყოფ ხალხს აფიქრებინონ, თითქოს უნივერისტეტი სტუდენტებს ხელს უწყობს. მათ კი მაინც არაფერი აკმაყოფილებთ, რადგან გამოცდებიდან ''გამოძრომა'' სურთ.
სტუდენტებს, ადმინისტრაციას, რექტორსა და აკადემიურ საბჭოს შორის კომუნიკაცია ფაქტობრივად აღარაა. ისინი 2-ჯერ შეხვდნენ რექტორს და რამდენჯერმე ადმინისტრაციის წევრებს. თითქოს, პრობლემები არ აინტერესებთ, არც პასუხისმგებლობას გრძნობენ. ბოლო რამდენიმე აქციაა სტუდენტებს აღარავინ ეხმიანება და ისინიც მხოლოდ დაცვის წევრებთან არიან დატოვებული.
ანო ზაქარაძე, საპროტესტო აქციების ორგანიზატორი: წინა აქციის დროს, რექტორი იმყოფებოდა ვარძიაში, რაღაც არქეოლოგიური პროექტით. სასმისით ხელში, მომღიმარი სახით ადღეგრძელებდა რაღაცას ან ვიღაცას, ან იქნებ სტუდენტებსაც კი. ვენაცვალე მათ, როგორ სცოდნიათ პროტესტიო, ალბათ.
პარასკევს უნივერსიტეტში პოლიციელები შემოუშვეს. თანაც იმდენი, მგონი, თითო სტუდენტზე ორ-ორი იყო. :) სტუდენტებმა რექტორის ოთახი დაიკავეს. დაშავდნენ დაცვის თანამშრომლებიც. ბრაზის უხეშად გამოხატვას პროტესტის დისკრედიტაციამდე მივყავართ. აქციის ორგანიზატორები მომხდარზე პასუხისმგებლობას იღებენ და ბოდიშსაც იხდიან.
სამწუხაროდ, ასეთ დროს პროტესტის მიზეზები გადაიფარება და სტუდენტების პრობლემებიც აღარავის ახსოვს, არადა სულ რომ დღესვე დასრულდეს ეს აქციები, სტუდენტები მაინც იმავე პირობებში დარჩებიან - ისეთი რექტორისა და ადმინისტრაციის ამარა, რომელთაც მათი პრობლემები არ ადარდებთ და მოსმენა არ სურთ.
მახსოვს, ჯერ კიდევ თებერვლის ყინვაში პირველი კორპუსის კიბეზე როგორ იდგნენ სტუდენტები განათლების ხელმისაწვდომობის მოთხოვნით. ამ პერიოდიდან მოყოლებული, სხვადასხვა ფორმით ცდილობენ რექტორის შედეგიან დიალოგზე დაყოლიებას. არადა რამდენად მარტივადაა საკითხი - მოდით, გამოჩნდეს რექტორი, დაელაპარაკოს სტუდენტებს.
დაუშვებელია, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და რექტორატი ასე მარტივად უყურებდნენ თავიანთ მოსაგვარებელ პრობლემებს. რექტორი არ დადიოდეს უნივერსიტეტში და არ ცდილობდეს სტუდენტებთან მოლაპარაკებას, სთავაზობდეს საკუთარ წესებს და ითხოვდეს მათ დამორჩილებას.
და თუ დავემორჩილებით, რა იქნება?
გვექნება სტუდენტური საცხოვრებელი, რომელიც 2 წლის წინ უნდა აშენებულიყო? იქნება განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი?
შეწყდება პროტესტი და რა?
დასრულდება ბიუჯეტის არამიზნობრივად გამოყენება და გვეცოდინება, რისთვის დაიხარჯა თითოეული ლარი? აუდიტორიები აღიჭურვება თანამედროვე ტექნიკით, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა და ბოლოს და ბოლოს, შადრევნიდან წყალი წამოვა? გვექნება კი ღირსეული სტუდენტობა?
როდესაც ორ-წლიანი შესვენების შემდეგ აუდიტორიებში დავბრუნდით, სკამებიც კი არ იყო დალაგებული. საქართველოს უნივერსიტეტებს შორის, თსუ-ს ყველაზე დიდი ბიუჯეტი აქვს. ორი წელი ფაქტობრივად არაფერში იხარჯებოდა ფული, თუმცა აუდიტორიებში კომპიუტერი მაინც არ დაგვხვდა. თანამედროვე ტექნიკა ძალიან გამოგვადგებოდა, რათა ყველა სტუდენტი დასწრებოდა ლექციას. ახლა მხოლოდ ლექტორის კეთილი ნებაა, თავისი მობილურით ჩართავს თუ არა ზუმს. სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტში ეს ფუფუნება არ არის, უბრალო მოცემულობაა.
ანო ზაქარაძე, საპროტესტო აქციების ორგანიზატორი: დაახლოებით ჯიბრზე შედგომას გავს მათი დამოკიდებულება, მაშინ, როცა თითქმის ყველა სახელწიფო უნივერსიტეტი უცხადებს სოლიდარობას სტუდენტებს და გამოცდებს ატარებენ ონლაინ, რადგან გააზრებული აქვთ სტუდენტების სოციალური შეჭირვება.
უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს, შეიძლება, სტუდენტური სოლიდარობის აქციები დავარქვათ. თუ სიტყვა უპრეცედენტოსაც დავუმატებთ, აღწერა მით უფრო ზუსტი იქნება. სტუდენტები, რომელბიც აუდიტორიაში ლექციებს ვერ ესწრებიან და ვერც გამოცდების ჩაბარებას შეძლებენ თბილისის საგამოცდო ცენტრში, მათი დიდი ნაწილი ამ აქციებზეც ვერ შეძლებს სიარულს. ასეთ დროს ჩვენი, აუდიტორიაში დაბრუნებული სტუდენტების იმედადღა არიან.
ანანო შოშიაშვილი, სტუდენტი: უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზე წელიწადნახევარია თვალს ვხუჭავ. დღეს არსებული პრობლემებისთვის თვალის არ გასწორება უპატივცემულობა მგონია მეგობრების მიმართ, რომლებიც ამ უაზრო და უსაფუძვლო მიზეზების გამო განათლების მიღმა რჩებიან.
მე უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე 1 საათში მივდივარ. მაღლივშიც მივალ გამოცდისთვის, ეს არ არის ჩემთვის პრობლემა. სოციალური სამართლიანობა და განათლების ხელმისაწვდომობა კი ჩემი პრობლემაა, რაც პირველ ორს ებმის. სტუდენტური საცხოვრებელი და არაგონივრულად გაფლანგული ფულიც ჩემი პრობლემაა. კარგი რექტორი ჩემი ინტერესიცაა. სტუდენტები 10 ივნისს ვეღარ გამოასწორებენ. თუმცა, პირველ ყოვლისა, მაინც რექტორმა უნდა შეწყვიტოს თვე-ნახევრიანი რევანშისტობა და ბრალეულობა საკუთარ გულგრილობაშიც ეძებოს. შემდეგ კი მიხედოს პრობლემებს, რომლებიც ასეთი ცხადია. უნდა შეეშვას ყველა კამერის წინ სტუდენტების შეურაცხყოფას. პრობლემა არა აქციების დასრულება, არამედ სტუდენტური საცხოვრებელი, რექტორის რეპუტაცია, სტუდენტების ხელშეწყობა და მატერიალური გაჭირვებაა.
გამოცდების ონლაინ ჩატარება აბსოლუტურად შესაძლებელია. ძალადობის ფაქტებთან ერთად, მატერიალური პრობლემების მქონე სტუდენტებზეც თუ მოიკვლევენ ინფორმაციას და მათ გამოცდების ონლაინ ფორმატს შესთავაზებენ, იმას მაინც დაგვანახებენ, რომ სტუდენტების ბედი ადარდებთ და ეს მათთვის მხოლოდ სამსახური არ არის. თანაც ასეთი რთულია, საგამოცდო ტესტის შედგენა, რომელსაც ვერ გადავიწერთ?
სტუდენტური საცხოვრებელიც 2 დღეში ვერ აშენდება, მაგრამ ამდენ ხანს რატომ ელოდებიან პროცესის განახლებას, გაუგებარია. აუდიტორიებში არ გვაქვს კომპიუტერი, უნივერსიტეტში ყველაფერი ისეთი მოუწესრიგებელია, ზოგჯერ ძლივს გაგვივლია აკრედიტაცია. ფინანსური გამჭვირვალობა კი ის თემაა, რომელიც ყოველთვის დიდი პრობლემა იყო უნივერსიტეტისთვის. ცუდი გამოცდილებაც გვაქვს და შიშებიც გონივრულია. უნივერსიტეტის შიდა სტრუქტურა უნდა გამოსწორდეს, ამისთვის კი პირველი ნაბიჯი რექტორმა სტუდენტებთან საუბრის დაწყებით უნდა გადადგას.
