
მშვენიერი მზიანი ამინდი, ტემპერატურა დაახლოებით 11 გრადუსი იყო და ამან გამახარა, რადგან სტადიონზე ყოველთვის ცივა, ხოლო მზე ტრუბინებს ათბობს. იმ მხრივაც კარგია, რომ სპორტსმენებისთვის იდეალური სათამაშო ამინდია. თამაშზე დაგვიანება არ მინდოდა, სპორტსმენების მატჩისწინა მოთელვის ნახვა ნახევარი სანახაობაა, ასე მგონია. წყალმომარაგების შეზღუდვის გამო შეძლებისდაგვარად მოვწესრიდგი, ვისაუზმე და 13:00- ზე გავემართე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონისკენ, სადაც საქართველოსა და რუმინეთის სარაგბო ნაკრებები 15:00 ზე უპირისპირდებიდნენ ერთმანეთს. მგზავრობა ტაქსით გადავწვყიტე, რადგან გამოცდილებიდან ვიცი, თბილისში მოედანზე მისვლა საზოგადოებრივი ტრანსორტით რამდენად რთულია- ქალაქის ცენტრში განთავსებული 2 სტადიონი ავტოტრანსპორტით გადაადგილების მხრივ უზარმაზარ პრობლემას ქმნის სპორტული ღონისძიებებისას. გზაში ტაქსის მძღოლს გავესაუბრე, გამოვკითხე აინტერესებდა თუ არა რაგბი ან ფეხბურთი, მან კი თანხმობის ნიშნად თავისი პროგნოზი გააკეთა გასამართ მატჩებზე, თუმცა თქვა, რომ თამაშებზე თვალის მიდევნებას ვერ შეძლებდა. გამახსენდა, რომ შაბათ-კვირით რამდენიმე საათით სტადიონზე მისვლა, ან ღონისძიების სატელევიზო ტრანსლაციის ყურება ადამიანების გარკვეული კატეგორიისთვის ფუფუნებაა. დანიშნულების ადგილზე მისვლამდე ამ ფიქრებში ვიყავი გართული.
შესასვლელთან ხალხს ადრიდანვე მოეყარა თავი, მარტივად შევაღწიე პირველ ჭიშკარში და ლეგენდარულ მიხეილ მესხთან შეხვედრის შემდეგ გავემართე მეორე, მთავარი ჭიშკრისაკენ. ბევრი მოწოდების მიუხედავად, ირღვეოდა სოციალური დისტანცია. გავიარე თერმო-სკრინინგი და სტადიონზე შევედი, მწვანე საფარის ახლოდან დანახვისას გრძნობ, რომ პროცესში ჩართული ხარ, შენც შეგიძლია შენი წილი შეიტანო მატჩის მსვლელობაში. მგონი მართლა არსებობს მეთექსვმეტე მოთამაშე. ყოველ შემთხვევაში, ყოველთვის შეგხვდებათ ისეთი გულშემატკივარი, რომელიც ტრიბუნებზე ხმამაღლა ხუმრობს. გვერდით მეჯდა და ერთ-ორ ხუმრობასაც არაუშავდა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი თამაში კაცნაკლული ვიყავით, მატჩი ჩვენი უპირატესობით დაიწყო და ეგრეც დასრულდა, მიხარია რომ ეროვნულ სარაგბო ნაკრებში ბევრი კარგი ახალგაზდა მოთამაშე გამოჩდნა და ეს თამაშის სტილსაც დაეტყო. 28:17 -საქართველოს სასარგებლოდ. მატჩის ბოლოს მოთამაშეებს ტრადიციული ანთიმოზ ივერიელის თასი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს, ამის საპასუხოდ სტადიონზე მოგუდული სტვენა გაისმა. მეც გავღიზიანდი.
თამაშიდან გამოსულმა ჭამა გადავწყვიტე. რეგულაციების გამო საკვები ობიექტები დაკეტილი იყო, მხოლოდ რამდენიმე ადგილას შეიძლებოდა დავნაყრებულიყავი და ჭავჭავაძის მიმართულებით ფეხით გავეშურე. გამზირზე, რამდენიმე შენობაა, რომელიც საერთოდ ამოვარდნილია ქალაქის საერთო არქიტექტურული კონტექსტიდან. ერთ-ერთი ბანკის ნაგებობა ისეთია, გაფიქრებინებს, რომ რომელიმე მაღალგანვითარებულ სახელმწიფოში ცხოვრობ, ხოლო ერთფეროვანი საცხოვრებელი კორპუსების შემხედვარეს საწინააღმდეგო განცდა დაგეუფლება. სტადიონიდან გამოსულ ჯგუფთან ერთად ჩავისეირნე ჭავჭავაძის გამზირის ნაწილი, ვიყიდე საჭმელი და მოვკალათდი ერთ-ერთ სკამზე, სიცივე იყო. დაღლილი ვიყავი და ენერგია უნდა აღმედგინა. მინდოდა დინამოზე, სადაც ერთმანეთს საქართველოს და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებები დაუპირისპირდებოდნენ, ემოციებით სავსე მივსულიყავი. ავტობუსისა და მეტროს მონაცვლეობით წერეთლის გამზირზე მივედი, სადაც საფეხბურთო განწყობა იგრძნობოდა-სტადიონის მიმდებარედ გარე-მოვაჭრე ბებოები ეროვნულ დროშებს, საყვირებს და მზესუმზირას ყიდდნენ, გარშემო დაცვის თანამშრომლები პერიმეტრს აკონტროლებდნენ. უკვე 19:00 საათი ხდებოდა და ტრიბუნებუნისკენ მიმეჩქარებოდა. სანამ მატჩი დაიწყებოდა პრესას გადავავლე თვალი, თურმე მატჩის წინა დღეს, ესპანელებს დინამოზე ვარჯიში ჰქონდათ, რა დროსაც ტექნიკური გაუმართავობის გამო შუქი ჩამქრალა, რაც ჩემთვის, 90-იანელისთვის გასაკვირი არ იყო, მაგრამ ესპანელები მაგრად გაბრაზდნენ, იქაურმა პრესამ ამ მოვლენას საბოტაჟიც კი უწოდა.
საფეხბურთო ნაკრებს ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ, სამწუხაროდ გულის ტკენის მეტი თითქმის არაფერი დამმახსოვრებია. თუმცა ბოლო პერიოდში ეროვნულ ნაკრებში, ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოჩნდნენ, რომლებმაც თამაში გაახალისეს და გარკვეულ შედეგებამდეც მიგვიყვანეს, ესეც დასაფასებელია.
ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით გამოვიდა მოედანზე, რამაც პირველ ტაიმში ჩვენს ფეხბურთელებს ხელ-ფეხი გაუხსნა და რამდენიმე საგოლე მომენტიც შეაქმნევინა. ხვიჩა კვარაცხელიამ, 20 წლის ქართველმა ტალანტმა, განსაკუთრებულად ითამაშა და პირველი ტაიმის ბოლოს გოლიც გაიტანა. სტადიონზე ამხელა ბედნიერების თანამონაწილე არასდროს ვყოფილვარ. საბოლოოდ, ნაცნობი სცენარით, მატჩი ესპანელებთან ბოლო წამს დავთმეთ, საქართველო ესპანეთი 1:2. თუმცა მე მაინც კმაყოფილი ვარ ჩვენი გუნდის თამაშით, როცა ხარისხობრივად ამხელა სხვაობაა ფეხბურთელებს შორის, ღირსეული დამარცხებაც დასაფასებელია, ეს ვისწავლე გულშემატკივრობის 18 წლის თავზე. წარმატებები კვარაცხელიას!
გზა შინისაკენ სევდანარევინი აღმოჩნდა, მაგრამ შევეჩვიე იმედგაცრუების ამ ტიპს და ვისწავლე მასზე გამკლავება. იმისათვის, რომ გული ნაკლებად დაგწყდეთ, შეეცადეთ მატჩამდე ნაკლები მოლოდინები შეიქმნათ, სულ ეს არის. მეტრო სადგური ხალხით არა, თუმცა სევდით სავსე ნამდვილად აღმოჩნდა, რამდენიმე მგზავრი ბოლო წამს გაშვებული გოლის ვიდეო გამეორებასაც უყურებდა. გავიფიქრე, ალბათ ამ ადამიანებმა არ იციან იმედგაცრუების დამარცხების ჩემეული მეთოდის შესახებ. საფეხბურთო მომავალს მაინც იმედიანად ვუყურებ, მგონია, რომ გულშემატკივრებს ოდესღაც მაგრად გაგვიხარდება. ვიაზრებ, რომ ეს დიდი მოლოდინების დაუსრულებელი წრეა, თუმცა ოპტიმისტურად ყოფნისთვის მიღირს ასე ყოფნა. მე მეტროს სავარძელზე დავჯექი და დავფიქრდი დღიურზე, რომლის დაწერაც ახლა დავასრულე.
შემდეგ შეხვედრამდე!
