WTF

ბოტები, გაბოტებულები, გაბუტულები და გაბოროტებულები

8 მარტი 2021

არ ვიცი ადრე როგორ იყო, იქნებ არტაგის მომხრეები მოსახლეობის ყველა პროტესტს აბა რომაელების ბატონობა გერჩივნათ ხალხოო პასუხობდნენ ან დავითის მოწინააღმდეგეებს სულ ყივჩაღებით აშინებდნენ, შეიძლება საბჭოეთში პრეტენზიის მქონეებს, აბა მეფის დრო იყო უკეთესიო, ეკითხებოდნენ... არა ეს უკანასკნელი ვიცი, საბჭოეთში პრეტენზიის გამომთქმელებს ძირითადად ხვრეტდნენ.

ჩვენთან როგორ არის? ჩვენთან თუ რამეზე პრეტენზია გაქვს უნდა გაჩუმდე! იმიტომ რომ აბა მიშა გინდა? არა, მე შენ გეკითხები, “ნაცები” გინდა დაბრუნდნენ? გინდა ყველა ციხეებში ჩაგვსვან და გვაწამონ? გინდა ძილის წინ ზღაპარი არ წაგვიკითხონ და ყური აგვიწიონ? აა? ეს გინდა?

არადა შენ უბრალოდ უშაქრო კოლა და ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება გინდოდა, ქვეყანაში სადაც პოლიციელის არ გეშინია, სადაც ბავშვებზე არ ძალადობენ, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გაქვს და ოკუპანტებს პარლამენტში პატივით არ ხვდებიან... თან სულ ცალ ფეხზე გკიდია ცუდ საქმეს ვინ აკეთებს, ნაცი, ქოცი, კომუნისტი თუ იტალიელი გიტარისტი ტოტო კუტუნიო, უბრალოდ გკიდია, იმიტომ რომ დაიღალე.

ჰოდა მეც დავიღალე, იარლიყების მიკვრით დავიღალე, ადამიანების “ნაცებად” და “ქოცებად” დაყოფით დავიღალე და ბოლოს და ბოლოს პარლამენტთან დგომით დავიღალე, ცივა და სხვა საქმეებიც მაქვს, სხვა კარგი და სახალისო საქმეები, ოღონდ არა ამაზე მნიშვნელოვანი, ამიტომაც ყოველთვის გამოვხატავ პროტესტს, არა “ნაცების” ან “ქოცების”, არამედ სისტემის წინააღმდეგ.

კარგი ბიჭია ეს, მაგრამ ახალგაზრდაა და არ ახსოვს ნაციონალების დრო, ამიტომ წერს ასეო, იტყვიან ამასაც, ალბათ ცოტა უხეშად და მოკლედ, მაგრამ იტყვიან. საქმე ისაა, რომ მახსოვს. მახსოვს საპოლიციო ტერორი, უამრავი უსამართლობა და ძალადობა, მახსოვს შვიდი ნოემბერი და პოლიციისგან ნაცემი და გაკოჭილი ხალხი რუსთაველზე, ორი ჩაყრა მოსაწევის გამო ციხეში გაშვებული ახალგაზრდებიც მახსოვს…

ხელისუფლება რომ შევცვალეთ ისიც მახსოვს და სწორედ ამიტომ შევცვალეთ, გვინდოდა სათავეში მყოფ ხალხთან ერთად სხვა რამეებიც შეცვლილიყო. მაშინ ვერ ვიაზრებდი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ადამიანების კი არა, ამ მახინჯი სისტემის ცვლილებაა საჭირო, სისტემის, რომელსაც ყოველთვის ეყოლება პრივილეგირებული ფარცხალაძეები, რომელიც ყოველთვის დახვდება თავის წილ გავრილოვს, ეყოლება მისი მურუსიძე და ხელს დააფარებს მოძალადეებს, იმიტომ რომ ის იმის ახლობელია და ის ჩემი ახლობელია და იმის ძმა არჩევნებში მოგვეხმარება და შემოგევლე ძმაო აბა რა, ახალგაზრდა ბიჭია რატო ჩაჯდეს ახლა ეს მოდი ამერიკაში წავიდეს ერთი სამი წელი და ჩამოვა მერე რა..

ყელში ამოვიდა, “ნაცებიც”, “ქოცებიც” და მათი „გამპრავებლებიც“, “ბოტებიც” და “გაბოტებულებიც”, გაბუტულებიც და გაბოროტებულებიც. ბერა რო ახალგაზრდებს ემუქრებოდა ისიც ისევე მიუღებელია ჩემთვის, როგორც ის, რომ ვიღაც ბერას ტელეფონს უსმენდა. ყველაზე მეტად კი წარსულზე აპელირებაა ყელში, ყოველი ჩადენილი სისულელის შემდეგ, რომ სისხლიან ცხრა წელს გვახსენებენ... გვახსოვს სისხლიანი ცხრა წელი, მანამდე შევარდნაძის ბნელი რვა წელიც გვახსოვს და ახლა ოცნების ცხრა წლიანი მმართველობის სახელზე ვფიქრობთ, სახელზე უფრო მეტს ვფიქრობთ, ვიდრე იმაზე, რა შეაჩერებს ამ იდიოტურ ციკლს.

 

არ გინდათ ამ ბლოგის კითხვა? აბა მიშას მოსამართლეების გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების კითხვა გინდათ?