არ გეჩვენება, ვერ ვთანხმდებით. ვერც პანდემიის დროს.

30 აპრილი 2020

გაიხსენეთ სამყაროში მეორე ყველაზე პოპულარული ღამურა. პირველი ისაა, კორონავირუსი რომელშიც გაჩნდა, მეორე - ბეტმენი. უკანასკნელი დღეებია ნოლანის „ბნელი რაინდის“ ბოლო სცენა მიტრიალებს თავში, ჯოკერი რომ სოციალურ ექსპერიმენტს ატარებს. ვისაც ნანახი არ გაქვთ, ნახეთ. ეს იქნება მაქსიმალურად პროდუქტიული და საინტერესო 152 წუთი სოციალური იზოლაციისას. ვისაც ნანახი გაქვთ, შეგახსენებთ: ორ გემს გადაჰყავს მგზავრები ერთი ნაპირიდან - მეორეზე. ერთ გემზე უდანაშაულო ადამიანები არიან, მეორეზე - პატიმრები. ჯოკერი გემის მგზავრებს ატყობინებს რომ ეს პარალელურად მცურავი ორივე გემი დანაღმულია, გემებს კი ერთმანეთის აფეთქება შეუძლიათ. არის პირობა, რომ რამდენიმე წუთში ორივე გემი აფეთქდება, თუ ერთი - მეორეს (ან მეორე - პირველს) არ ააფეთქებს. წადით ახლა, ვისაც ნანახი არ გაქვთ ეს ფილმი, უყურეთ და მერე დაბრუნდით. ზომიერი ყოყმანის შემდეგ, ორივე გემზე გადაწყდება, რომ არ შეიძლება სხვა ადამიანების აფეთქება, თუნდაც - საკუთარი სიცოცხლის ფასად.

დღეს არის 30 აპრილი და თითოეულ მოქალაქეს გვაქვს ყველა დანარჩენის - მშობლების, დების, ძმების, მეგობრების ასაფეთქებელი დეტონატორი. ასე მუშაობს ეს ვირუსი.

სამართლიანობისთვის უნდა აღვწეროთ გარემოება. ყველა, ვინც ამ სტატიაზე ხარჯავთ ინტერნეტს, მეტად-სავარუდოა, რომ ასევე კითხულობთ ყოველდღიურ ახალ ამბებს კორონავირუსის შესახებ. კორონავირუსის, რომლის შესახებაც ყველაზე კომპეტენტურმა ადამიანებმაც კი ბევრი რამ არ იციან. ამ თემაზე მეგობრებთან ან საუბრობთ, ან - არა, მაგრამ შეუძლებელია არ გაგაჩნდეთ საკუთარი აზრი. ანუ მოცემულობა არის ასეთი, რომ უამრავი ადამიანი ყოველდღიურად, განსხვავებული დოზით იღებს უამრავი სახის - ხშირად, არასანდო ინფორმაციას.  ეს ნაჭამი გაქვთ - აჯაფსანდალი ჰქვია. აჯაფსანდალი და ბარდაგია საზოგადოებაში, მე კი, პირადად, არ მიყვარს აჯაფსანდალი, არც სამზარეულოში და არც საზოგადოებაში. მაგრამ, რას ვიზამთ, არ უკითხავს ჩემთვის ყველაზე პოპულარულ ღამურას, რა გიყვარს და რა არაო. შეიქმნა ეს ვირუსი მის ორგანიზმში და მოცემულობა ისაა, რომ სამყაროში უპრეცედენტო ამბავია. ხალხი მასობრივად კვდება და გადარჩენილებს სხვადასხვანაირად გვესმის ეს პროცესი.

ბოლოს რამდენი დაინფიცირებული და გარდაცვლილი გახსოვთ მსოფლიოს მასშტაბით? სავარაუდოდ, დღეს ეს რიცხვები ბევრად მეტია. 3 მილიონ 200 ათასი მეტი დაინფიცირებული და 228 ათასი გარდაცვლილი. სტატისტიკაა კი და მოდით, სტატისტიკურადვე გადავაქციოთ ტრაგედიებად.

 

  • ნიუ იორკში მცხოვრები ადამიანების 46% პირადად იცნობდა ადამიანს, რომელიც გარდაიცვალა კოვიდ-ინფიცირებით.
  • ნიუ იორკში მცხოვრები ადამიანების 51% იცნობს ადამიანს, რომელსაც განუვითარდა ინფექცია.


იმ ნიუ იორკზეა საუბარი, ყოველთვის რომ სიამოვნებით წახვიდოდი. ახლა იქ სასტუმროებში გადაყვანილი ხალხი უყურადღებობის გამო კვდება.

დარწმუნებული ვარ, ზოგი თვლით, პფფ, მერე რა, კიბო მეტ ადამიანს კლავსო. ასეთებიც არიან ჩემ გარშემო. ჰოდა, ლეგიტიმური კითხვა მიჩნდება: შემდეგ ჯერზე ჩრდილოელი მეზობელი ტანკებით რომ შემოვარდება და თანამოქალაქეებს მოგვიკლავს, იგივე ტექსტით ხომ არ დავხვდეთ: პფფ, მერე რა, კიბო მეტ ადამიანს კლავსო?

ადამიანის სიცოცხლე ზოგისთვის არ არის ღირებული. ან არის, ოღონდ ჯანმრთელის. ან ახალგაზრდასი. თორემ აბა, 70 წლის თუ ხარ და ფილტვებზე პრობლემები გაქვს, ეკონომიკას ხომ არ გავაჩერებთ თქვენ გამო? იცით, თქვენ ისედაც მალე მოკვდებით. ასე რომ, ახლა, მოდი შეიკრიბეთ ყველა 70 წელს გადაცილებული, ქრონიკული დაავადებებით დაავადებულები და მოკვდით. მოკვდით მალე, რომ ჩვენც მალე დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას.

ვიცი ახლა რასაც ფიქრობ: „შე **ეო, სულ არ ვარ ეგეთი არაადამიანი, მე ჩემი გამოთვლები მაქვსო.“

მე მჯერა რომ საშუალოსტატისტიკური ადამიანი კეთილია და სულაც არ უხარია სხვისი სიკვდილი. საქმე მეთოდებშია, თორემ ჩვენ, ყველას ერთი მიზანი გვაქვს - რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლი. მაგრამ მაინც, რაღაც საკითხებზე დავა საერთოდ არ შეიძლება, რაღაცები უბრალოდ ფაქტებია. ჰოდა, მოდი, დავწერ ფაქტებს.
 

ჯოგური იმუნიტეტი

ჯოგური იმუნიტეტი არ ამართლებს. ვირუსის ქაოსურად გავრცელება ისეთივე აბსურდია, როგორც გუგლის მთავარ გვერდზე “Feeling Lucky” ღილაკი. ვირუსის სწრაფი და მასობრივი გავრცელება ცალსახად ნიშნავს გადატვირთულ ჯანდაცვის სისტემასა და ათასობით გარდაცვლილ ადამიანს.

 

ამასთან ერთად, ჩვენ ვირუსის ბუნებაც კი არ გვაქვს შესწავლილი - გრძელვადიან პერიოდში რა ზეგავლენა აქვს მას ადამიანზე. შეიძლება, ვირუსის გადატანაც კი დიდი ზიანის მომტანი იყოს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. „სწორედ ქცევის ცვლილებამ მოგვცა შესაძლებლობა, აგვერიდებინა მილიონობით სიკვდილი და ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი, რომელიც გამოიწვევდა არამარტო კორონავირუსით დაავადებულთა, არამედ სხვა - გადაუდებელი თუ გეგმიური პრობლემებით დატვირთული პაციენტების გარდაცვალებასაც“ - ბილ გეითსი, დღეს-დღეობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველაზე დიდი დამფინანსებელი (Bill & Melinda Gates Foundation)


ანტიგენური ტესტები

შეგხვდებოდათ ის სტატია, გინდა თუ არა, ნიუ იორკის მოსახლეობის 21%-ს ანტიგენურმა ტესტმა დაუდგინა, რომ ვირუსი გადატანილი აქვსო. სულ რომ თავი დავანებოთ ამ კვლევის მეთოდოლოგიას, ეს მაჩვენებელი რეალურად არაფერს ნიშნავს. მინესოტას უნივერსიტეტის დოქტორ ოსტერჰოლმს დავესესხები და „ჯერ კიდევ ბევრი ადამიანის სიცოცხლე დევს სასწორზე და ანტიგენებზე დაფუძნებული ტესტების იმედად ყოფნა არ შეიძლება. ეს ტესტები მომავალში გამოგვადგება მონაცემების დასამუშავებლად. ჩათვალეთ, სისტემაა, რომელიც რეპორტს გვიგზავნის ყოველი თვის ბოლოს, თუ რამდენი ხანძარი მოხდა ამ პერიოდის განმავლობაში. ის არ გამოდგება მაშინ, როდესაც გვერდზე მდგომ ადამიანს ცეცხლი უკიდია“ - რატომ?

 

  1. ჯერ არ არის დადგენილი, შეიძლება თუ არა რომ ადამიანი მეორედ დაავადდეს ამ ვირუსით.
  2. შესაბამისად, არც ისაა დადგენილი, სხეულში რა დოზითაა საჭირო ანტიგენები, რათა ჩავთვალოთ რომ ადამიანი ვირუსისგან ბუნებრივი იმუნიტეტით იქნება დაცული. ტესტები მინიმალურ რაოდენობასაც დადებით შედეგად თვლის, რაც არ ვიცით რამდენად ზუსტია.

ამ ყველაფრის დადგენის შემდეგ, შეგვეძლება ტესტების გამოყენება „ეკონომიკის გახსნის“ გადაწყვეტილების მიღებისას.


ეკონომიკის გახსნა

არსებობის ისტორიაში ერთადერთხელ მაინც ხომ შეგვიძლია სხვის შეცდომაზე სწავლა?! სამყარო დიდია, მოასწრეს ვიღაცეებმა არასწორი გადაწყვეტილების მიღება. იაპონიის ჩრდილოეთით არის ეგეთი კუნძული - ჰოკაიდო. ულამაზესი. აი, მართლა, სასწაულად ლამაზი პროვინციაა. ჰოდა, მიქარეს ამ უმშვენიერეს ადგილას მცოხვრებმა ადამიანებმა. ალბათ სილამაზემ დააბრმავა.

 

იქ 31 იანვარს დაიწყო ეპიდემიის გავრცელება. ერთ თვეში - 66 დადასტურებული შემთხვევა. მიხვდნენ რა ნეხვისკენაც მიდიოდა საქმე და ყველაფერი დახურეს. თან, იქ სახელმწიფოს არ აქვს კანონიერი უფლება დახუროს კერძო ბიზნესი (კანონის წერისას ამერიკელებს ეშინოდათ, ისევ ფაშიზმს არ მიბრუნებულიყვნენ იაპონიაში და ამიტომ ასეთი ჩანაწერები გააკეთეს). ეხვეწნენ, ეხვეწნენ და ძლივს, დაიხურა ყველაფერი - სკოლები, ბარები, რესტორნები...

მარტის შუაში სიტუაციის სტაბილიზება დაიწყო. რიცხვები აღარ მატულობდა. ბიზნესსაც უკვე კითხვები უჩნდება, ჰე, აწი გავიხსნათო.

 

18 მარტს დაიწყო რეგულაციების შემცირება. ხალხიც ბედნიერი გარეთ გამოვიდა, დაიწყეს 3-კვირიანი ჯოჯოხეთის დასრულების აღნიშვნა ბარებსა და რესტორნებში.

 

შედეგი: უარეს ჯოჯოხეთში ამოყვეს თავი. მეორე ტალღა წამოვიდა. 9 აპრილს მეორე ტალღის სიდიდემ - პირველისას გადააჭარბა და დღეში დაფიქსირებული შემთხვევების რეკორდი მოხსნა - 18. 14 აპრილს რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ბოლო მონაცემებით, 729 ადამიანია დაავადებული, 27 - გარდაცვლილი.

 

ეკონომიკაში ბერნი სანდერსსა და გია ჟორჟოლიანზე უკეთესად ვერკვევი, მართლა. ვიცი და მესმის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას უჭირს და მათ არ აქვთ დანაზოგები. მაგრამ, მერწმუნეთ, ხელისუფლების მხრიდან წამოსულ დახმარებას თუ  მივაშველებთ ჩვენს სოციალურ პასუხისმგებლობას, ერთად აუცილებლად გადავლახავთ ამ გამოწვევას.

 

არჩევანი გვაქვს - ან ახლავე გავდივართ გარეთ ძვირფასი ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე, ან ჩვენს, მართლაც რომ გმირ ექიმებს არ ვუყრით ამ შრომას წყალში და ვცდილობთ მაქსიმალურად ცოტა ლეტალური შემთხვევით ფონს გასვლას და გადარჩენას. დეტონატორები გვაქვს. ჯერ-ჯერობით ერთმანეთი არ აგვიფეთქებია. იმედია ბოლომდე შევინარჩუნებთ ერთმანეთის რწმენას. დაიმახსოვრეთ, ეს არ არის არც პირველი და არც უკანასკნელი ეპიდემია რომელსაც კაცობრიობა დაამარცხებს!

დარჩით სახლში.

იყავით უსაფრთხოდ.