აღმოაჩინე გრაფიკული დიზაინი

17 იანვარი 2022

თუ ბოლო დროს ხშირად ფიქრობ "ვინ უნდა გამოხვიდე?" ან ახალნდელი პროფესიით მთლად კმაყოფილი არ ხარ და გეფიქრება "რა მოხდებოდა, ვინმე სხვა რომ გამოსულიყავი?" გაეცანი გრაფიკული დიზაინერის თვალით დანახულ მის პროფესიას და ნახე ამ სფეროში რა გამოწვევები/ბენეფიტები აქვთ.

რა იცი, იქნებ საშენო სულაც არაა? ან პირიქით ;)

მოკლედ ჩამოჯექი, გვერდზე ყავაც მოიდგი (ცოტა საქმიანად, შენ ხომ რისერჩს აკეთებ) და მოუსმინე ნიკა ტრიპოლსკის

 


როგორია შენი სამუშაო გამოცდილება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით

 

მეხუთე წელია რაც ამ მიმართულებით ვმუშაობ, მქონია ბევრი სხვადასხვა ფრილანს პროექტი, პირველი სტაბილური სამსახური იყო ტვ ფორმულა და ახლა უკვე დემოკრატიის ლაბორატორია.

 


რა ტიპის პროექტებზე გიმუშავია ?

 

მიმუშავია ილუსტრაციებზე  სხვადასხვა ბეჭდური გამოცემებისთვის, სატელევიზიო გადაცემებზე, სერიალებზე. ვმუშაობ ვიზუალებზე სოციალური მედიის მიმართულებითაც.

 


რა არის გრაფიკული დიზაინი

 

შენი საყვარელი პროდუქტის შეფუთვები, საყვარელი კომპანიების თუ ბრენდების ლოგოები, ქუჩაში შემჩნეული სხვადასხვა ბანერები, ილუსტრირებული წიგნები, პრინტიანი მაისურები, - ეს ყველაფერი გრაფიკული დიზაინია. ის ჩვენს ყოველდღიურობაში იმდენად ახლოსაა შემოჭრილი, რომ ხშირად ვეღარც ვამჩნევთ რამდენად დიდი ადგილი უკავია. 

 

ჩემთვის გრაფიკული დიზაინი პირველ რიგში საკომუნიკაციო ენაა, რომელიც გავლენას უნდა ახდენდეს შენს სამიზნე აუდიტორიაზე. გავლენის მოხდენა კი სწორი ემოციის გამოწვევითაა შესაძლებელი. ამისთვის საჭიროა კარგად ვიცოდეთ რას ვაკეთებთ, რატომ, ვისთვის თუ რისთვის ვაკეთებთ. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ვიზუალური ენა იყოს გასაგები, საინტერესო და დასამახსოვრებელი.

 


რას მოიცავს ეს პროფესია?

 

ვცდილობ ჩემი სამუშაო პროცესი იყოს მაქსიმალურად თავისუფალი და კრეატიული. ამიტომაც ვარჩევ ისეთ სამუშაო გარემოს, სადაც მომეცემა საშუალება დავიმუხტო იდეებით, საჭიროების შემთხვევაში მოვახერხო განტვირთვა, იდეაზე ფიქრისას ხშირად მეხმარება სეირნობა და განსხვავებული ადგილებიდან მუშაობა, თუმცა ეს ჩემი ძალიან ინდივიდუალური მიდგომაა. 

 

პროექტზე მუშაობის დაწყების წინ აუცილებლად ვაკეთებ დიდ რისერჩს და ვინახავ ყველა იმ მასალას, რაც ვფიქრობ პროცესში დამეხმარება. ხშირად ვიზუალს ვიწყებ უბრალო სკეჩით, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა თავიდანვე ზუსტად მივმხვდარვარ რა უნდა გამეკეთებინა და პროექტი ერთი ამოსუნთქვით დამიმთავრებია.


რა პროგრამებში მუშაობის გამოცდილება გაქვს?

 

ჩემი მთავარი მედიუმი ფოტოშოპი და ილუსტრატორია.


რა გზა გაიარე გრაფიკულ დიზაინერობამდე? 

 

ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა და არამხოლოდ ფურცელზე, ბავშვობაში ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გასართობი ფეინთში ჯღაბნა იყო. მაშინ არც ინტერნეტი გვქონდა და ბევრ ჩემს თანატოლს არც კომპიუტერი. შემდეგ გამოჩნდა ფოტოშოპი, ფოტოშოპში ხატვისას ეს პროგრამა უკეთ გავიცანი და ჩემდაუნებურად კარგადაც შემომესწავლა :) საბოლოოდ გადავწყვიტე ჩემი გატაცება პროფესიად მექცია და უკეთ გავეცანი გრაფიკულ დიზაინს. ამისათვის დავიწყე ონლაინ კურსებისა და სხვადასხვა ტუტორიალების ძებნა. საბოლოოდ ყველაზე მეტად მაინც იუთუბი დამეხმარა. მერე პირველი ფრილანს პროექტიც გამოჩნდა, დამკვეთი ონლაინ პლატფრომაზე ვიპოვე და ასე დაიწყო ჩემი, როგორც გრაფიკული დიზაინერის თავგადასავალი.

 


რას ურჩევდი გრაფიკული დიზაინით დაინტერესებულებს ?

 

აუცილებელი არ არის ხატვა იცოდე, რომ დიზაინერი გახდე. სასურველ ვიზუალამდე მისასვლელად დღეს უამრავი რესურსი არსებობს. ვფიქრობ, რომ მთავარია მოტივაცია და საქმის სიყვარული. დამწყებ დიზაინერებს ვურჩევ ყველაფერს მარტივად მიყვნენ. დაიწყეთ ერთი პროგრამით და მხოლოდ მისი კარგად შესწავლის შემდეგ გადადით მეორეზე.

 

დღეს ინტერნეტ სამყროში უამრავი რესურსი არსებობს იმისთვის, რომ ონლაინ და ხელმისაწვდომად შევისწავლოთ მულტიპროფილური პროფესიები. პირდაპირ ვერავის ვურჩევ რომელი ჯობია - ონლაინ სწავლა, თუ ჯგუფურ კურსზე სიარული, რადგან ორივეს თავის პლუს მინუსები აქვს. მიზნის მიღწევა ორივენაირად შეიძლება, მთავარია სურვილი და ინტერესი გქონდეთ და ბოლომდე მიყვეთ არჩეულ გზას.

 


ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს მომავალმა გრაფიკულმა დიზაინერმა

 

მზად უნდა იყოთ იმედგაცრუებისთვისაც. გზა საკმაოდ რთულია იქედან გამომდინარეც, რომ პროფესიული ბაზარი სწრაფად იზრდება, შესაბამისად იზრდება კონკურენციაც. ბაზარის განვითარებასთან ერთად იცვლება და იზრდება დამკვეთის მოლოდინებიც. 

 

მაქსიმალურად უნდა ეცადოთ იყოთ საუკეთესო, რაც მუდმივად განვითარებას მოითხოვს. ამისათვის აუცილებელია თვალი გეჭიროთ ახალ ტრენდებზე, მოთხოვნებსა თუ გამოწვევებზე, ათვალეროთ სხვადასვხა დიზაინერების პორტფოლიოები. 

 

სამწუხაროდ ხშირად დამკვეთების მხრიდან ვერ ვიღებთ ადეკვატურ უკუკავშირსა თუ მოლოდინებს, რისთვისაც ნებისყოფა და სწორი საკომუნიკაციო უნარების გამომუშავება გვჭირდება.

 


როგორია საბაზრო ფასები - ამ პროფესიით გავმდიდრდები? $$$

 

საბაზრო ფასები ჩვენს ქვეყანაში ბევრად დაბალია ვიდრე საზღვარგარეთ, რაც პირველ რიგში ჩვენი ანუ დიზაინერების ბრალია. ეკონომიკური მდგომარეობისა, თუ მომავალი განვითარების იმედით, ხშირად ვთანხმდებით დაბალანაზღაურებად სამსახურებს, თუ პროექტებს, რაც არასწორი მგონია, მაგრამ არსებული რეალობიდან გამომდინარე ბუნებრივიც. 

 

არ მგონია ამ პროფესიით გამდიდრება ადვილი იყოს, მაგრამ უფრო რეალური იქნება, თუ ვიტყვი, რომ საშუალო, სტაბილური მატერიალური კეთილდღეობის შექმნა შესაძლებელია.

 


რას იყენებ ხოლმე ინსპირაციისთვის ?

 

ინსპირაციისთვის ძირითადად ვიყენებ ინსტაგრამს, ბიჰენსსა და დრიბლს.

 



პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის მიერ, პროგრამის „ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების განვითარება“ ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით. პროექტის მიერ გამოქვეყნებულ ნებისმიერ პუბლიკაციაზე პასუხისმგებელია მისი ავტორი და შინაარსი არ შეიძლება აღქმული იყოს როგორც დონორის პოზიცია და მოსაზრება.

The project is supported by the Georgian Center for Strategy and Development within the framework of the program “Enhancing the Capacity of Georgia in Preventing Violent Extremism and Radicalization”. The program is implemented with the financial support of the Ministry of Foreign Affairs of the Kingdom of Norway. The content of any publication is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the donor organization.