ადამიანი კრიზისის სვეტში

23 ივლისი 2019

 

"ისწავლე ხანძრის წინათგრძნობა წამის სიზუსტით,
მერე კი დაწვი შენი სახლი, რომ გამართლდეს, რასაც ამბობდი."
-ჩესლავ მილოში



ერთხელ, ჩემს ბავშვობაში, ოჯახის რომელიღაც წევრი მკითხავთან იყო და იქიდან ამბავი მოიტანა, აი, ამდენი და ამდენი წლის ბავშვი რომ გყავთ სახლში, ეგ ძალიან წარმატებული იქნებაო. 

სიმართლე გითხრათ, არავისთან გადამიმოწმებია, დამესიზმრა თუ ნამდვილად მოხდა ასეთი რამ, მაგრამ, ჩემი აზრით, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, რადგან სწორედ ამ მკითხავ-მჩხიბავის დასიზმრებული თუ ცხადად გაჟღერებული წინასწარმეტყველება გახდა ჩემი შემდგომი ცხოვრების მოტივატორი. 

გურამ რჩეულიშვილი ამბობს, რომ წინასწარმეტყველში უყვარს მისი კაცური ტანჯვა და არა წინასწარჭვრეტა. სწორედ ეს მიყვარს ამ წინასწარმეტყველებაშიც. შესაძლოა, სისულელედაც კი გეჩვენებოდეთ, მაგრამ სიტყვამ რომ ქვა გახვრიტა, ის ამბავია.

 

ცხოვრებაში ბევრი კრიზისი არსებობს და წყევლად ნუ ჩამომართმევთ (კი, რორამე, ძუძუები დაგლოცავენ), მაგრამ ვინ იცის, რამდენი კრიზისის გადატანა მოგიწევთ. ხან გარდატეხისო, ხან შუახნისო, ხან ეგზისტენციალურიო, ხან ხელფასი რომ იმაზე ნაკლები გაქვს, ვიდრე გინდა რომ გქონდეს, ხან არტი რომ გინდოდა გამოსულიყავი, მაგრამ შენი შეყვარებული ისეთ ფოტოებს გიღებს, მხოლოდ სიმწრის სიცილი თუ წამოგცდება ხოლმე. მოკლედ, კრიზისი იმდენი არსებობს, რამდენიც გარიჟრაჟია. გარიჟრაჟი, კიდევ, მოგეხსენებათ, ყოველთვის და ყველა ადამიანისთვის განსხვავებულია.

ოღონდ, ადგები, ფოტოს გადაღება მოგინდება ამ გარიჟრაჟისთვის და უი, თურმე ზუსტად ისეთივე ყოფილა, როგორიც ყველა სხვა გარიჟრაჟი. სწორედ ასევე, ჰყვები ამ შენს კრიზისებზე, რომ გინდა საწოლში იწვე გულაღმა, გადაჭრა შენკენ მომავალი ყველა გზა და ჭერს უყურო, ამ დროს კი, ვიღაც თითქმის არაფრისმთქმელი თვალებით გეუბნება: იცი, მარიამ, მე მესმის შენი, ზუსტად ვიცი, როგორიცაა, აეხლა რომ მიყურებ, მეც მჭირდა ეგ, არაფერია. ამ დროს ქოლდრექსის ძველი რეკლამასავით გინდა უთხრა, რომ არაფერიც არ ესმის, მაგრამ ხვდები, რომ აზრი არ აქვს.

ჭილაძე ამბობს, რომ სხვას არასდროს შეაწუხებს ის, რასაც შენი წუხილი ჰქვია და მართალიცაა. რამდენადაც ბევრი ადამიანი არ უნდა მოვიდეს, მხარზე მოგითათუნოს, მის მკერდში ქვითინის უფლება მოგცეს, გახსოვდეს, რომ არ არსებობენ ადამიანები, რომლებიც შენს ტკივილს ზუსტად ისე გაიზიარებენ, როგორც შენ გრძნობ.

 

 

ერთნი დანანებით გაიხსენებენ - მე სასმელს მივეძალე, მეორენი გეტყვიან რომ თბილისის საუკეთესო ასტროლოგს მიაკითხეს, მესამენი კი იმაზე მოგიყვებიან, რომ სულის სიძლიერით შეძლეს ამ პრობლემების გადაწყვეტა.

ამ დროს გეფიქრება, რომ ერთადერთი ხარ სამყაროში, ვინც ეს ყველაფერი ვერ გადალახა, ვისზეც კრიზისებმა იმარჯვეს და ცოტათი მეტად გეტირება. აფარებ ფარდებს და მეტად ეფლობი ჭაობში.

მერე კი ისევ იგივე ადამიანები მოდიან, „ჩემი ბიჭიც ასე იყო, მაგრამ მაგრად დაუდგა“ ამბობენ დანანებით და გტოვებენ.

ერთხელ, როდესაც ცუდად ვიყავი, ჩემმა მეგობარმა მითხრა, ეგ რა არის, მე უარესად ვყოფილვარო და მე კი ნამდვილად მივხვდი, თუ სად მიდიოდნენ სიყრმის მეგობრები.

ცხოვრება რთულია, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც შენი ყველას ესმის. ისინი გვიყვებიან თუ როგორ ცუდად იყვნენ, გვიყვებიან, თუ როგორ აღმოაჩინეს რომ კვდებოდნენ, გვიყვებიან იმაზეც, როგორ გადარჩნენ. ჩვენ კი მხოლოდ ის გვინდა, ვიწვეთ, გარშემო იყოს შემოდგომა, ფოთლები ნება-ნება ცვიოდნენ ნოტიო მიწაზე, ცოტათი ვტიროდეთ, დავხუჭოთ თვალები და მივხვდეთ, რომ სამყაროში მარტონი ვართ, რომ გვირაბის ბოლოს სინათლე ისევ ჩვენი ასანთებია.