OMG

5 ფილმი რომელიც ოჯახის სიწმინდის დღეს უნდა ნახო

17 მაისი 2022

მოგეხსენებათ, საქართველოში 17 მაისი მნიშვნელოვანი თარიღია, თუმცა, სამწუხაროდ, დასვენების დღედ მაინც არ ცხადდება. 

ამ დღეს ქართველი ერი ერთდროულად აღნიშნავს ორ მოვლენას. 

1. ოჯახის სიწმინდეს - და ვაღიარებ, წმინდა (მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვა კითხვის ნიშნებს ბადებს ოოდნავ გაურკვეველი კონტექსტის გამო) ოჯახის კონცეპტი მხიბლავს. თვალწინ წარმომიდგება მშობლები, რომლებიც თავის დროზე თერაპიაზე მივიდნენ და ახლა ბავშვებს პიანინოზე სიარულს, სამუდამო მონობასა და დოქტორობას არ აიძულებენ. 

 

2. ღირსების მარშს, ე.წ “Pride”-ს, ჩვენი თანამოქალაქეები LGBTQ თემის წარმომადგენლები საკუთარ იდენტობას ზეიმობენ, გამოხატავენ, აზიარებენ და აღნიშნავენ. თუმცა ღირსების მარში მხოლოდ ამ ჯგუფს არ ეხება, არამედ გვეხება ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარს უჭერს თავის მეგობარს, ნაცნობს, ან უბრალოდ, თანამოქალაქეს საკუთარი იდენტობის გამოხატვაში. იდეაში, ამ დროს, ერში ერთი დიდი ემპათიის ბუშტი უნდა სკდებოდეს, ყველას ერთმანეთი გვიყვარდეს და კაი ამბებს აღვნიშნავდეთ. 

 

მაგრამ, შენ, ვინც ახლა წინა აბზაცი ირონიულად წაიკითხე, კარგად იცი, რა ამბავშია ქართველი ერი. ფლეშბექებად ალბათ აივანზე ამძვრალი ორკი გელანდება, დიდი ღიპით, 2 მეტრის გავლის შედეგად წურწურად მონადენი ოფლით და ზიზღით ჩაყვითლებული თვალებით.  

თუ საკმაოდ გრაფიკულად აღვწერე ორკის მოვლენის სახე, მაშინ ახლა საქმეზე გადავალ.

იმ ფილმებს გეტყვით, სადაც სექსუალური უმცირესობების ბრძოლა, ტკივილი, ადამიანური ტანჯვა, სიხარული, კარგად ჩანს და ოჯახის სიწმინდის დღეს, ოჯახთან ერთად, ფერადი პოპკორნით ხელში, გახსნილი გონების ფონზე რომ უნდა უყურო და უბრალოდ, ადამიანურად, ემპათიურად გაიაზრო.  ჰოიცი, ემპათია ევოლუციის ყველაზე მაგარი მონაპოვარია, ცეცხლის მერე. თუ არ იცი, წინა ფრაზა სამჯერ წაიკითხე და გაიაზრე. 


 


 

  1. Before Stonewall (1984)

თუმცა მხატვრული ფილმი არაა, ისტორია, რომელსაც რეალური პიროვნებები ჰყვებიან, იმ რეალობას დაგანახებს, რომელშიც 20-იანი წლებიდან უწევდათ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს ცხოვრება. ამბავი ქრონოლოგიურად მიდის სტოუნვოლის ამბოხამდე. სტოუნვოლი პატარა ბარი იყო ამერიკაში, რომელიც ნავსაყუდელი გახდა LGBTQ თემისთვის. იმ პერიოდში ყველანაირი არაჰეტერო აქტივობა, დანაშაულად ითვლებოდა, თავშეყრის უფლებაც არავის ჰქონდა, უბრალოდ- სუნთქვა და ჭამა შეეძლოთ. ერთ-ერთი პოლიციის მიერ განხორციელებული რეიდისას, ბარში მყოფმა სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს. სწორედ ეს ისტორიული მომენტი გახდა საკვანძო - და წინამორბედი LGBTQ თემის უფლებების დასაცავად ბრძოლის დაწყებისა. 

 

 


 

  1. My Beautiful Laundrette (1985)

მოქმედება 80-იანი წლების ბრიტანეთში ვითარდება და საკმაოდ რევოლუციურია თავისი კონტექსტიდან გამომდინარე. პაკისტანელი ომარისა და ჯონის ამბავი, რომელიც იმ პერიოდის სოციალურ ნორმებს წინ აღუდგება, მიუხედავად იმისა, რომ არსებული სიტუაციის სიმძიმეს გვანახებს, მაინც პოზიტიური ელფერით გამოირჩევა. ასე რომ, თუ გინდა საყვარელი ლავსთორის ცქერა, შეგიძლია თავისუფლად ჩართო. 

 

  


 

  1. Pride (1984)

ფილმი რეალურ ამბავზეა დაფუძნებული და გვიყვება გეი აქტივისტებზე, რომლებსაც განსაკუთრებული როლი ჰქონდათ ბრიტანელი მეშახტეების საპროტესტო გამოსვლებში. თუ გინდა ნახო გმირები, მებრძოლები, რომლებსაც არ ეშინოდათ საკუთარი თავის ღიად გამოხატვა და ამავე დროს სოციალურად მნიშვნელოვანი საკითხების გამოსწორებაში იღებდნენ მონაწილეობას, მაშინ ეს ფიმლი ჩართე და წამოგორდი ოჯახის დივანზე.

 

 


 

  1. Moonlight (2016)

ფილმი ესთეტიკა, ფილმი ფერები, ეგზისტენციალური, იდენტური და კიდევ ბევრი კრიზისი. თაიმლაინი სამ ნაწილადაა დაყოფილი - და შაირონის ბავშვობაზე, მოზარდობასა და ზრდასრულ ცხოვრებაზე გვიყვება. განხილული თემები - ფერადკანიანი გეები, მასკულინობა და ამ ფონზე მოცემული სოციალური და პირადი გამოწვევები - ცხადად გვანახებს ბრძოლასა და კონტექსტს, რომელზე საუბარსაც ხშირად თავს არიდებს მთელი სოციუმი.

 

 


 

  1. The Danish Girl (2015)

ისტორია შთაგონებულია ორი მხატვრის - ლილი ელბისა და გერდა ვეგენერის ამბით. აქ ჩანს იმ პერიოდში არსებული გამოწვევები, რომლის წინაშე დგომაც და გადალახვაც ლილის, როგორც ტრანსგენდერ ქალს - მოუწია. საკუთარი თავის აღმოჩენის ფონზე ჩანს ლილისა და გერდას ურთიერთობის კომპლექსურობაც - ერთი მხრივ მხარდაჭერა და სიყვარული, მეორე მხრივ კი შიში - საყვარელ ადამიანთან გაუცხოების.