5 მიზეზი, რატომ არ მომეწონა "And just like that"

14 დეკემბერი 2021

ერთ დეკადაზე მეტია, რაც ყველასთვის საყვარელი სერიალის, Sex and the city-ის გაგრძელებას სულმოუთქმელად  ველოდებით. პირადად ჩემთვის, ამ სერიალის აღმოჩენის შემდეგ საწოლში საჭმლიანად მოკალათების ცერემონიალს იშვიათად თუ ჩაუვლია რომელიმე რენდომ ეპიზოდის ყურების გარეშე. 

მოკლედ, გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა და მიუხედავად კიმ კეტროლის (სამანტას როლის შემსრულებლის) ცხვირის აბზუების შესახებ გავრცელებული ინფორმაციისა, არცისე მარტივი წლის მიწურულს ახალი ეპიზოდებიც გამოჩნდა სახელწოდებით “And just like that”.

ორმა ახალმა სერიამ დღის სინათლე 9 დეკემბერს იხილა, მაგრამ წლების ნალოლიავებმა და ნაფერებმა სერიალმა არცისე სასიამოვნო სიურპრიზი დაგვახვედრა ყველას, ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი გულის ტკივილის მიზეზები აქვე ჩამომეთვალა:


1. ეს რა მთასავით კაცი წაგვექცა?!

მართალია, მაყურებლების დიდი ნაწილი მისტერ ბიგისა და კერის ურთიერთობას ტოქსიკურად მიიჩნევდა (არის ამაში სიმართლის ნაპერწკალი, თანაც დიდი), მაგრამ მოდი, გულზე ხელი დავიდოთ და ვაღიაროთ, რომ ამ დასაწვავმა მაინც ყველა ჩვენგანის გულებში დაიდო სათანადო ადგილი და სერიალის ბოლო ეპიზოდში პარიზის სცენებზე ცოტ-ცოტა თვალებიც კი აგვიწყლიანდა. 

მოკლედ რომ ვთქვათ, 94 სერია და 2 ფილმი იმისთვის გვაყვარეს ეს ცხრაპარასკევა პერსონაჟი, რომ იმქვეყნად გაესტუმრებინათ. 



2. სამანტას “მოქესტვა”

თუ აღიარებებზე მიდგა საქმე ისიც უნდა ითქვას, რომ სამანტა ყველასთვის საყვარელი, გამორჩეული და “ჯიგარი” პერსონაჟია.  მართალია, ყველამ ვიცოდით, რომ კიმი მის როლს აღარ შეასრულებდა, თუმცა ამ პერსონაჟისთვის გაბუტვა და ლონდონში გაქცევა საერთოდ არ არის დამახასიათებელი. მით უმეტეს ბიგის პერსონაჟის გარდაცვალებას მხოლოდ “ვენოკის” გამოგზავნით არ გამოეხმაურებოდა. მეტიც, სამანტა არასდროს განსჯის თავის მეგობრებს (not her style), ამიტომ ვფიქრობ, ეს უკანასკნელი რომ წაექცია რეჟისორს, უფრო ლოგიკური იქნებოდა. 



3. რატომ უწამლავს ლილი ცხოვრებას კერის?

ლილიმ (შარლოტას შვილი) უკვე მეორეჯერ წამოუდო ფეხი კერის ცხოვრების გზაზე. პირველად ქორწილის დღეს, როცა ბიგის ზარს მან უპასუხა, რითიც ჯონს არ მიეცა საშუალება კერისთვის ეთქვა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმის ეშინოდა. ხოლო მეორედ, მაშინ როცა მისტერ ბიგი სულს ღაფავდა, კერი სწორედ ლილის კონცერტის გამო ვერ აღმოჩნდა მის გვერდით.



4. Fake, fake, fake

არ ვიცი ეს შეგრძნება მხოლოდ მე დამრჩა თუ არა, მაგრამ ვფიქრობ, პერსონაჟებს შორის დიალოგები ცოტა უხერხული და არაბუნებრივია, განსაკუთრებით იმ ადამიანების (კერი, შარლოტა, მირანდა), რომლებმაც ცხოვრების ნახევარზე მეტი ერთად გაატარეს. 

ის ფაქტიც მომხვდა თვალში, რომ ლილის კონცერტიდან მომავალმა კერიმ ბიგს მაინც ცოცხალს მოუსწრო. არადა ჩვენ ხომ წინა 6-მა სეზონმა კარგად გვასწავლა, რა რთულია ნიუ-იორკში ტაქსის “დაჭერა” და გადაადგილება.


5. Why so sad?

მართალია, Sex and the city-ის ძველი სერიები სასიყვარულო თუ უსიყვარულო დრამებით იყო სავსე, მაგრამ საერთო ხასიათი მაინც ბევრად პოზიტიური და მოძრავი ჰქონდა. აწ გამოქვეყნებულმა ორმა ახალმა სერიამ სრულიად განსხვავებული, ბევრად სევდიანი და დაძაბული “vibe” მოიტანა. აქედან გამომდინარე ის შეგრძნება, რომ ნამდვილად ჩემი საყვარელი სერიალის გაგრძელებას ვუყურებდი, ნაკლებად დამრჩა, რასაც სერიალზე დაყრდნობით გადაღებულ ფილმებზე ვერ ვიტყოდი. 


მიუხედავად იმედგაცრუებებისა, ახალ ეპიზოდებს მაინც ველოდები. სპორტული ინტერესი მაქვს გავიგო, რით გამართლდება მისტერ ბიგის იმქვეყნად გასტუმრების გადაწყვეტილება.